პაპუაშვილი დანიის ელჩზე: დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს ქვეყნის იმიჯის შელახვას 

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დანიის ელჩი საკმარისად კომპეტენტური არ არის იმისთვის, რომ საკუთარი აზრი ისე გადმოეცა, რომ სწორად გაგებულიყო.

საქმე საქართველოში დანიის ელჩის ანე ტოფტ სორენსენის მოსაზრებას ეხება – ელჩმა დანიურ  გამოცემა Jyllandsposten-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა.

შალვა პაპუაშვილის თქმით:

„თუ ეს არაკომპეტენტურობაა, რომ კონტექსტებში ვერ სვამს ელჩი საკუთარ სტატიებს, ჩავთვალოთ რომ ეს არის არაკომპეტენტურობა. სამწუხაროა და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს ხოლმე, საბოლოო ჯამში, წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში. რაც შეეხება ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ დანიის საელჩო ამ ჩემს განცხადებას შესაბამისი კონტექსტით გაიგებს.

დანიის საელჩომ თქვა, რომ მისი Op-Ed არ იქნება გაგებული სწორად, შესაბამისად, ელჩმა ვერ შეძლო, სავარაუდოდ, საკუთარი აზრის ისე კომპეტენტურად წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი ან განმარტება არ ჰქონოდა“.