„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მათმა პარტიამ მოამზადა გეგმა, რომელიც კორონავირუსისგან მოქალაქეებისთვის მიყენებულ ეკონომიკურ ზარალს შეამცირებს. გეგმა გულისხმობს გადასახადების შემცირებასა და საპენსიო ფონდში შენატანის შეჩერებას, რაც, ბაქრაძის თქმით, ასობით მილიონ ლარს დატოვებს მოქალაქეებთან.
მათ შორის, დავით ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კომუნალური გადასახადების გადახდაში დაეხმაროს მოსახლეობის დიდ ნაწილს და არამხოლოდ სოციალურად დაუცველებს.
„დღეს გამოვდივართ ახალი ინიციატივით. საკითხი, რომელიც აქამდეც აწუხებდა ჩვენს მოსახლეობას – ძვირი კომუნალური გადასახადები, დღეს გახდა კიდევ უფრო აუტანელი. ამ სფეროში იყო რამდენიმე ინიციატივა, მაგრამ ჩვენს ინიციატივას აქვს ორი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი:
1. ეს არის საყოველთაობა – ჩვენი ინიციატივით, ყველა ოჯახს, ვისი შემოსავალიც წელიწადში 40 000 ლარზე მეტი არაა, უნდა გადაეცეს 120-ლარიანი კომუნალური გადასახადის ვაუჩერი. რადგან ფული უნდა გადაეცეს არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ საშუალო კლასის მოქალაქეებსაც, რომლებიც ახლა ანაზღაურების გარეშე არიან დარჩენილები.
2. დღეს არც ერთი ინიციატივა არ არის ღირებული, თუ არ არის მისი დაფინანსების წყარო. ჩვენ გვაქვს მკაფიო დაფინანსების წყარო: საპენსიო შენატანის 8 თვით შეჩერებით იზოგება ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი. ეს არის ზუსტად ის თანხა, რომლის მეშვეობითაც ყველა ოჯახს შეუძლია, მიიღოს 120-ლარიანი ვაუჩერი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, ისინი მიიჩნევენ, რომ სამედიცინო სფეროში კორონავირუსის წინააღმდეგ „ენერგიული ნაბიჯები იდგმება“ და ამას მხარს უჭერენ, თუმცა იმავეს ვერ ხედავენ ეკონომიკაში და ხელისუფლებას თავიანთი გეგმის გათვალისწინებას სთავაზობენ.
„სამწუხაროდ, ასეთ ნაბიჯებს დღემდე ვერ ვხედავთ და „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა გეგმა, რომლითაც გადასახადების შემცირების გზითა და საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეწყვეტის გზით ასეულობით მილიონ ლარს დავტოვებთ ეკონომიკაში, ასეულობით მილიონ ლარს დავტოვებთ ადამიანების ჯიბეში. იმიტომ, რომ მოქალაქეებს დღეს თანხა სჭირდებათ ისე, როგორც არასდროს. ასევე ასეულობით მილიონ ლარს დავტოვებთ ბიზნესში და საშუალებას მივცემთ მათ, რომ არ შეამცირონ ადგილები და არ დატოვონ ხალხი ხელფასის გარეშე“, – თქვა დავით ბაქრაძემ.