კობახიძე: ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს შეხვდა.

კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე და გამოითქვა მხარდაჭერა საქართველოსა და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან.

„საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის. ამ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი გვქონდა როგორც პოლიტიკური კუთხით, ისე ეკონომიკურ, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე.

ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შევეხეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან“. – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია გაღრმავდეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებსა და მმართველ პარტიებს შორის.

„ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის. ამას ემსახურება ვიზიტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩინეთში“. – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განზომილებაც. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, თუმცა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ამისთვისაც რა თქმა უნდა, მაქსიმუმი გაკეთდება ჩვენი მხრიდან“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში გაემგზავრა.

„ოცნების“ ინფორმაციით, ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება.

მმართველი პარტიის შეხვედრები გაიმართება ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან. ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს.