თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ ლექტორ, კაკო ჩიქობავას საქმეზე, რომელიც გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს, სასამართლოსადმი წარსადგენი განცხადება ადვოკატს გადასცა. „პუბლიკა” განცხადებას მხარეებთან შეთანხმებით ავრცელებს.
გთავაზობთ სამუშიას განცხადებას სრულად:
„აკაკი ჩიქობავა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ფორმა არის მკაცრი და ვთხოვთ სასამართლოს აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი იქნას აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით”, – წერია განცხადებაში.
გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს წერილით მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ.
ჩიქობავა და ხასაია 23 იანვარს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს. მათ პროკურატურა აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებას ედავება. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
„თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას!”, – მწერალმა და მუსიკოსმა ზურა ჯიშკარიანმა პეტიცია შექმნა, რომელიც მოქალაქეებისთვის ხელმოსაწერად ღიაა.