სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართულობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის ერთ-ერთი პირობაა.
ხელისუფლება აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობს და არგუმენტად ის სამუშაო შეხვედრები მოჰყავს, რომელთაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრებთან მართავს, თუმცა ამ პლატფორმაში NGO-ების წარმომადგენლობა არ ფარავს სრულად სამოქალაქო სექტორს.
წლის დასაწყისიდან 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მისი წევრი აღარ არის. მას შემდეგ, რაც მათ პლატფორმა დატოვეს და 29 იანვარს პირველი სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა პარლამენტს წერილით მიმართა და მოუწოდა, გაეფართოებინათ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ყველა დაინტერესებული ორგანიზაცია იქნებოდა ჩართული. – ეს მოთხოვნა შალვა პაპუაშვილმა არ დააკმაყოფილა.
მმართველი პარტია ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლობის ლიმიტირებას ახლა იმ საბაბით ცდილობს, რომ ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის წევრები არ არიან და ყველა NGO-ს ცალკე ვერ მოიწვევენ.
„ასე ცალკე ჩვენ NGO-ებს ვერ ვეტყვით, ვინ ჩავრთოთ და ვინ არა. არის ეს პლატფორმა და მათ აქვთ შესაძლებლობა, ამით ისარგებლონ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოგვიანებით მანვე გაავრცელა ვრცელი წერილიც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს.
ამის მიუხედავად, გასულ კვირას ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მთავრობას შეახსენა მათი პასუხისმგებლობა, რომ გამონახონ გზები NGO-ების მაქსიმალური ჩართულობისთვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელმაც ეროვნული პლატფორმა დატოვა.
რა არის ეროვნული პლატფორმა?
საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროპის კომისიის ინიციატივით შექმნილი „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ადგილობრივი და პარტნიორ ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში 191 წევრია – მასში არ შედის ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და სხვები.
პლატფორმის ფუნქცია-მოვალეობებში შედის აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და მთავრობასთან თანამშრომლობა.
პლატფორმას აქტიური როლი ევრორეკომენდაციების შესრულების მიზნით დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების პროცესში მიენიჭა – საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ დათქმებთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრებზე მხოლოდ ეროვნული პლატფორმის წევრების მიწვევა სრულად ფარავს სამოქალაქო სექტორის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ პირობას.
„სამოქალაქო სექტორი მარტო პლატფორმით ვერ შემოიფარგლება“
მიმდინარე წლის 29 იანვარს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მას მხოლოდ ეროვნული პლატფორმის წევრები დაესწრებოდნენ. ამას განცხადებით გამოეხმაურა 10 ორგანიზაცია და პარლამენტს პროცესში მათი ჩართვისკენ მოუწოდა.
საჯაროდ ეს თავად პლატფორმის თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემაც შეაფასა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „სამოქალაქო სექტორი მარტო პლატფორმით ვერ შემოიფარგლება”.
მოგვიანებით, პლატფორმის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოკლე განცხადებაც, რომელშიც წერია, რომ წევრები პარლამენტს მოუწოდებენ, სამუშაო პროცესი წარმართოს „ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით და უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა“.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ საჯარო განცხადებების გარდა, ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთანაც დააყენა, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოში რეგისტრირებული 31 ათასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციის გამოსახატავად 200 ორგანიზაცია საკმარისი არ არის.
„სამოქალაქო სექტორში დაფიქსირებულია 31 ათასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და უკაცრავად, 200 ორგანიზაცია ვერ იქნება გამომხატველი სამოქალაქო სექტორის. ამიტომ, ვამბობთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ორგანიზაცია, მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანს უნდა და თუ ორგანიზაციას სურს, მიიღოს მონაწილეობა, ძალიან კარგი იქნება, რომ მიიღოს მონაწილეობა.
ჩვენ არაერთხელ ვთქვით, ყველა პლატფორმის წევრი ამბობს ერთსა და იმავეს, ჩვენ მზად ვართ და პირიქით, მივიჩნევთ, რომ ყველა უნდა იყოს დაშვებული განხილვებზე. ზუსტად მაგას ვაყენებთ [შეხვედრებზე], არ გამოგვიტოვებია. წინა შეხვედრაზე მე არ ვიყავი პერსონალურად, მანამდე მე დავაფიქსირე, მედიასთანაც დავაფიქსირე, ისევე როგორც დავუფიქსირე პარლამენტის თავმჯდომარეს“, – განაცხადა მან.
როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი, გურო იმნაძე „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, ფაქტი, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ ეროვნულ პლატფორმას ესაუბრება და სხვა ორგანიზაციებს ლეგიტიმურ აქტორებად არ მიიჩნევს, „აბსოლუტურად ხელოვნური პროცესია“.
„ეს, რეალურად, აჩვენებს, რომ უბრალოდ ხელისუფლებას არ სურს რეალური დიალოგი სამოქალაქო სექტორთან და ცდილობს, თავისთვის კომფორტული სივრცე შეიქმნას“.
იმნაძის შეფასებით, ხელისუფლება „მოგონილი“ არგუმენტებით ცდილობს, არასამთავრობო ორგანიზმებთან დიალოგის სივრცე შეზღუდოს
„უბრალოდ, ის, რომ ხელისუფლება ნებისმიერ მიზეზს შეიძლება გამოეკიდოს, ცხადია, ეს ჩვენთვის უცნაური არ არის.
თუნდაც იგივე „ისფედი“, რომელიც მანამდე იყო პლატფორმის წევრი, არ მიიწვიეს სამუშაო ჯგუფში. ჩვენ გვახსოვს 12 რეკომენდაციის ფარგლებში ხელისუფლების არგუმენტაცია.
ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აბსოლუტურად მოგონილი არგუმენტებით ცდილობს ხელისუფლება, შეზღუდოს დიალოგის სივრცე და შექმნას მისთვის კომფორტული გარემო, მხოლოდ და მხოლოდ“, – თქვა მან.
რატომ დატოვა პლატფორმა NGO-ების ნაწილმა?
მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნული პლატფორმის მიერ გამართული ერთ-ერთი კრების შემდეგ, 10-მდე ორგანიზაციამ პლატფორმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „პუბლიკა“ დეტალების გასარკვევად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას დაუკავშირდა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა საუბრისგან თავი შეიკავა.
დატოვების მიზეზებზე „პუბლიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურო იმნაძემ – მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას „სტრუქტურულ პრობლემები“ დაედო საფუძვლად.
ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში იყო არასაკმარისი შიდა დემოკრატია, წევრი ორგანიზაციების ნაკლები ჩართულობა და მენეჯმენტის მხრიდან დაბალი ანგარიშვალდებულება.
„ჩვენ გვქონდა მცდელობები, რომ ეს პრობლემები შიგნით მოგვარებულიყო და კონსტრუქციულად გადაჭრილიყო ეს გამოწვევები, თუმცა, როცა ამის ყველანაირი სივრცე ამოიწურა, ჩვენ მივიჩნიეთ გონივრულად, რომ შიგნით კიდევ გაუგებრობების, კონფლიქტის ნაცვლად, გამოვსულიყავით პლატფორმიდან, დაახლოებით წლის დასაწყისში ის 10-15-მა ორგანიზაციამ დავტოვეთ“, – აცხადებს ის.
ორგანიზაციების მიერ პლატფორმის დატოვების შესახებ ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, რომ ამის სხვადასხვა მიზეზი იყო, თუმცა ზუსტად ვერ გვისახელებს, რადგან, მისივე თქმით, თავადაც „ვერ გაიგო“ და შეფასება „უჭირს“.
„განსხვავებული მიზეზებია, სხვადასხვაა, მათ შორის არის კრებასთან დაკავშირებით და ვერაფრით ვერ გავიგეთ, რატომ. კრება იყო ღია, არჩევნები იყო ღია და შესაბამისად, ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ […] ვერც მე ვერ გავიგე [მიზეზები], ამიტომ ძალიან მიჭირს შეფასება და შევიკავებდი თავს შეფასებისგან”, – განაცხადა მან.