ISFED: „ოცნებამ" Meta-ზე რეკლამაში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად

პუბლიკა

ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების დანახარჯები იკვლია.

„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის (ads library) მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში.

რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 2 927-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვი. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 113 606 დოლარით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.

ყველაზე მსხვილი სარეკლამო დანახარჯის მქონე გვერდები

ISFED-ის თანახმად: 

„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ რეკლამებისთვის სულ დახარჯული თანხის 56.7% ქვემოთ მოცემულ 15 გვერდზე მოდის.

რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით გამოირჩეოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ფეისბუქგვერდი, რომელმაც სოციალური მედიის პლატფორმაზე 16-ჯერ მეტი ღირებულების რეკლამა განათავსა, ვიდრე წინა კვარტალში.

ISFED წერს, რომ წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯიც.

მმართველი პარტიის ფეისბუქგვერდზე რეკლამების უმეტესობა ირაკლი კობახიძის განცხადებებს, ბრიფინგებს, ვიზიტებსა და შეხვედრებს მიეძღვნა. პოლიტიკური გაერთიანება ფეისბუქზე, ასევე, ასპონსორებდა საინფორმაციო ბარათებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ძირითადად, დასპონსორებული იქნა პირდაპირი ვიდეოჩართვები, რომლებიც  შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გამართულ ორმხრივ შეხვედრებს, მთავრობის სხდომებს, ბრიფინგებს, კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობასა და სხვა აქტივობებს. აგრეთვე, რეკლამის სახით განთავსდა იმგვარი ღონისძიებების ამსახველი ვიდეოჩართვებიც, რომელთა ხანგრძლივობა ერთ საათს აღემატებოდა.

ასევე, მოკვლევის თანახმად, 

„მეტას“ ბიბლიოთეკაში მოცემული რეკლამების რაოდენობის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ფეისბუქგვერდი – Georgia First NEWS აქვეყნებდა.

რეკლამირებული მასალები, ძირითადად, ანტიდასავლურ, ირიბად პრორუსულ, უკრაინის საწინააღმდეგო, ანტილიბერალურ და ჰომოფობიურ ნარატივებს შეიცავდა. რეკლამებში წარმოჩენილი იყო რუსეთისადმი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების არაეფექტურობა, რუსეთის ეკონომიკური მდგრადობა, ომში უკრაინის მარცხის ფაქტობრივი გარდაუვალობა, აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებში გენდერული და სექსუალური იდენტობის თავსმოხვევა და სხვა.

გავრცელებულ მასალებში, განსაკუთრებით, შეინიშნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, აგრეთვე, ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერების მადისკრედიტირებელი კამპანია, ხოლო პოზიტიური გზავნილები მიემართებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.

ამავდროულად, დასავლეთი დადანაშაულებული იყო სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში, რის მაგალითადაც სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები სახელდებოდა. გვერდზე განთავსებულ რეკლამებში მიუთითებდნენ, რომ მსგავსი სცენარის განხორციელება საქართველოშიც იყო დაგეგმილი.

დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომის მეორე ფრონტში ჩართვის მცდელობებშიც იყო დადანაშაულებული. საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით კი რეკლამები ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებსაც შეიცავდა.

პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე მონიტორინგის პერიოდში არანაკლებ  91 063 და არაუმეტეს 94 528 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა რეკლამებში უფრო მეტი თანხა (49 743-დან 50 832 აშშ დოლარამდე) დახარჯეს, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ და მათმა წარმომადგენლებმა ერთად აღებული (41 320-დან 43 696-მდე აშშ დოლარი).   

მედიების სარეკლამო დანახარჯები „მეტას“ პლატფორმებზე

„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკაში მონიტორინგის პერიოდში 133 მედიის გვერდზე განთავსებული 1 884 რეკლამა იძებნება, რომელთა ღირებულება  30 330-დან 42 111 აშშ დოლარამდეა.

მათ შორის, 56 ქართული მედიის რეკლამებისთვის 30 253-დან 34 411-მდე აშშ დოლარი დაიხარჯა. საქართველოდან ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლები წარმოადგენდნენ ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული 19 მედიის გვერდის 74 რეკლამის ერთ-ერთ სამიზნეებსაც. თუმცა, მათზე დახარჯული თანხის ოდენობა 1 900 აშშ დოლარს არ აღემატებოდა.

ქართულ მედიებს შორის „მეტას“ რეკლამებისთვის ყველაზე მეტი დანახარჯი ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ გასწიეს.

ამ ორი ტელევიზიის მიერ დახარჯული თანხა აღემატება ყველა სხვა ქართული მედიასაშუალების ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამების ჯამურ ღირებულებას.

ამასთანავე, მათ, ივლისი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით, რეკლამებზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს. ოქტომბერ-დეკემბერში „მეტას“ პლატფორმებზე სარეკლამო დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა „მაუწყებლისა“ და „მთავარი არხის“ შემთხვევაშიც. „ფორმულამ“, „ტაბულამ“ და „Pia.ge“-მ კი სარეკლამო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირეს.