„მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD) მოუწოდებს პარლამენტს, დროულად დაიწყოს განხილვა ნოემბერში დარეგისტრირებული კანონპროექტისა, რომელიც ემიგრანტებისთვის ხმის ონლაინ მიცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
EECMD-ის ავტორობით და ოპოზიციის დეპუტატების ინიციირებით, 2023 წლის 21 ნოემბერს დარეგისტრირდა კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ონლაინ სისტემის გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ.
პარლამენტს კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია და საკომიტეტო განხილვის ვადა 2 თვემდე გახანგრძლივდა.
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს ამ მნიშვნელოვანი საკითხის საკომიტეტო განხილვა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და არჩევნების წარმომადგენლობითობისთვის, იმისათვის, რათა სხვა ქვეყანაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა მოახერხონ ხმის მიცემის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლების რეალიზება.
დაახლოებით 860 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაშია, ხოლო მათგან, გასულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, სხვადასხვა ბარიერების გამო, მხოლოდ 12 ათასმა შეძლო. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების რაოდენობა საშუალოდ 50-ს შეადგენს, რაც არასაკმარისია იმისათვის, რომ ემიგრანტებმა არჩევნებში დაუბრკოლებლად შეძლონ მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება“, – აცხადებს ორგანიზაცია.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ საარჩევნო კოდექსს დაემატოს დისტანციური არჩევნების შესახებ თავი, რომელიც დაარეგულირებს არჩევნებში ონლაინმონაწილეობის წესებსა და პირობებს.
წარმოდგენილი ცვლილებები შესაძლებელს გახდის სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საპარლამენტო არჩევნებში დისტანციურ მონაწილეობას.
კანონპროექტით, მოქალაქეები შეძლებენ ელექტრონულად, ინტერნეტში სპეციალური ვებპლატფორმის გამოყენებით ხმის მიცემას. ხმის ონლაინმიცემა ხმის მიცემის ტრადიციულ მეთოდთან ერთად, ალტერნატივა იქნება.
კანონპროექტი ასევე არეგულირებს, როგორ შეძლებს მოქალაქე ხმის ონლაინმიცემას:
„სისტემაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან და ამომრჩევლის იდენტიფიკაცია ხორციელდება პირადი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ადგილმდებარეობა, ქვეყნის IP მისამართი) და ბიომეტრიული (სახის ამომცნობი/Face ID) მონაცემების საფუძველზე.
კენჭისყრაში მონაწილეობისა და იდენტიფიკაციის მიზნით ამომრჩეველი თანამიმდევრულად ახორციელებს შემდეგ პროცედურებს:
ა) საარჩევნო ვებ პლატფორმაზე შეიყვანს წინასწარი რეგისტრაციის დროს მიღებულ მომხმარებლის სახელსა და პაროლს;
ბ) ელექტრონული მოწყობილობის კამერის მეშვეობით, აფიქსირებს სახის პარამეტრებს (Face ID), შესაბამის ბაზებთან შედარების მიზნით;
გ) ელექტრონული მოწყობილობის კამერის მეშვეობით, აფიქსირებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას/პასპორტს ამომრჩევლის იდენტიფიკაციის მიზნით;
დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდგომ, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იღებს სპეციალურად გენერირებულ კოდს, რომელსაც შეიყვანს შესაბამის ველში;
ე) ამომრჩეველს მოწყობილობის ეკრანზე ეძლევა საარჩევნო ბიულეტენი და აფიქსირებს თავის არჩევანს;
ვ) ამომრჩევლის მიერ არჩევანის დაფიქსირებისა და სისტემის მიერ საბოლოო დადასტურების შემდგომ, ამომრჩეველს აღარ შეუძლია შეცვალოს თავისი არჩევანი“, – აღნიშნულია პროექტში.
ხმის მიცემის ანონიმურობის დასაცავად გათვალისწინებულია ელექტრონული ორმაგი დაშიფვრა.
„ხმის მიცემის საიდუმლოების დასაცავად, სისტემა ახორციელებს ელექტრონულ ორმაგ დაშიფვრას. ხელმოწერილი და დაშიფრული ხმა იგზავნება შესაბამის სერვერზე დაშიფრული ფენის მეშვეობით, სადაც ის უსაფრთხოდ ინახება სრულად დაშიფრულ მდგომარეობაში არჩევნების დასრულებამდე.
არჩევნების დასრულების შემდგომ, ელექტრონული ხმები კრიპტოგრაფიულად ირევა ხმების თანმიმდევრობის შემთხვევითობის პრინციპით, რათა შენარჩუნდეს ხმის მიცემის ანონიმურობა და გაწყდეს კავშირი ამომრჩეველსა და მის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს შორის.
ზემოაღნიშნული პროცესების განხორციელების შემდგომ, საარჩევნო შედეგები დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნულია კანონპროექტში.