„ყოველთვის იყავი და დარჩები ჩემთვის გმირად" - ნავალნის შვილის წერილი

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შვილი დაშა ნავალნაია მამის დაკრძალვის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.

„რაღაც ისე მოხდა, რომ ყველასთვის მიღებულია თქმა „ჩემი მშობლები – ჩემი მისაბაძი მაგალითია”, ჩემს შემთხვევაში, ეს სიმართლეა.

მამა, შენ იყავი მაგალითი ბევრისთვის მთელ მსოფლიოში. შენი ოპტიმიზმი და გადამდები, გულწრფელი ღიმილი. შენი ცნობისმოყვარეობა და სწრაფვა ახლის შესწავლისკენ. ყველასთან საერთო ენის პოვნის შენი საოცარი უნარი. იუმორის გრძნობა. სიმტკიცე. სიტყვების სწორ მომენტში შერჩევის უნარი (ან ხუმრობა, რთულ სიტუაციაში ყველას დასამშვიდებლად). შენი სიკეთე. სიკეთე და რწმენა, საკუთარი თავის, ხალხის. ბავშვობიდან მასწავლიდი პრინციპებით ცხოვრებას. ღირსეულად ცხოვრებას. შენ სიცოცხლე გაწირე ჩემთვის, დედასთვის, ზახარისთვის, რუსეთისთვის და გპირდები, რომ მე ვიცხოვრებ ისე, როგორც შენ მასწავლე, რათა იამაყო ჩემით, რაც მთავარია – ისეთივე ნათელი ღიმილით სახეზე.

შენ ყოველთვის იყავი და სამუდამოდ დარჩები ჩემთვის მაგალითად. ჩემს გმირად. ჩემს მამად”, – წერს დაშა ნავალნაია.

ალექსეი ნავალნი დღეს, 1-ელ მარტს, მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს – ადგილზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი, ისინი ნავალნის სახელს სკანდირებდნენ.

ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

იულია ნავალნიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ალექსეის საქმეს გააგრძელებს.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, რომლის თქმით, ნავალნი მოკლულია.