იულია ნავალნაია მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, შეუერთდნენ 17 მარტს საპრეზიდენტო არჩევნების პროტესტს, არ მისცენ ხმა პუტინს ან ბიულეტენები გააუქმონ.
Youtube ვიდეომიმართვაში ნავალნაიამ აღნიშნა, რომ აქვს იმ ადამიანების იმედი, რომლებიც მისი მეუღლის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე მივიდნენ და მას შემდეგ მის საფლავზე უამრავი ყვავილი მიიტანეს.
იულია ნავალნაიამ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, მივიდნენ 17 მარტის აქციაზე, რომლისკენაც ალექსეი ნავალნიმ ხალხს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოუწოდა.
ნავალნის სურდა, ადამიანებს შესძლებოდათ პროტესტი რუსეთში დაპატიმრების რისკის გარეშე და არჩევნების დღეს ყველა მასობრივად გამოსულიყო ქვეყნის ყველა ქალაქში.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე იმის საჩვენებლად, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ. ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი ადამიანები და ვეწინააღმდეგებით პუტინს. თქვენ უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე დღეს და დროს – 17 მარტს, შუადღისას. რა უნდა გააკეთოთ შემდეგ? არჩევანი თქვენზეა. შეგიძლიათ ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს გარდა პუტინისა. შეგიძლიათ გააუქმოთ ბიულეტენი, შეგიძლიათ მასზე დიდი ასოებით დაწეროთ „ნავალნი“. და მაშინაც კი, თუ აზრს ვერ ხედავთ ხმის მიცემაში, შეგიძლიათ უბრალოდ მოხვიდეთ და დადგეთ უბანზე, შემდეგ შებრუნდეთ და წახვიდეთ სახლში“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იულია ნავალნაიამ აღნიშნა, რომ გააგრძელებს თავის ქმრის საქმიანობას. რამდენჯერმე გამოჩნდა დასავლეთში, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე და ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.
რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, რომლის თქმით, ნავალნი მოკლულია.