დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დადასტურებული 54 შემთხვევიდან მათ იციან ყველას წარმომავლობა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.
„ჩვენ გვაქვს კორონავირუსული ინფექციის 54 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ ვიცით ყოველი შემთხვევის წარმომავლობა. ვაკონტროლებთ ყველა შემთხვევის ეპიდკონტაქტებს. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, განსაკუთებით, ბოლო 5 შემთხვევისა, რომლებიც გამთენიისას დაფიქსირდა.
აქედან 3 ახალი გახლდათ ლუგარის ცენტრში, 1 – ბათუმში და 1 – თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ასევე, განმეორებითი იყო რამდენიმე შემთხვევა. იცით, რომ საქართველოში უკვე გამოჯანმრთელდა, ჯამში, 3 პაციენტი. ერთის შესახებ თქვენ გქონდათ ინფორმაცია, ერთი გამოჯანმრთელებული გვყავდა გუშინ და ერთიც დღეს. ეს ნიშნავს, რომ 24 საათში მათ ჰქონდათ მიმდევრობით ორი უარყოფითი რეაქცია კორონავირუსის ანტიგენზე. ეს ნიშნავს, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ“ – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
გამყრელიძის თქმით, როგორც ვარაუდობდნენ, ინფიცირების შემთხვევების ზრდა იქნებოდა და სიტუაცია პროგნოზის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეპიდაფეთქება არ ფიქსირდება ქვეყანაში.
„დაახლოებით მივდივართ იმ პროგნოზის ფარგლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი სცენარით იყო განსაზღვრული, ანუ სერიოზული და სწრაფი ეპიდაფეთქება, ჯერჯერობით, არ ფიქსირდება ქვეყანაში“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.