მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ.
რუსეთს მიუსამძიმრეს და ტერაქტი დაგმეს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
თავდასხმა დაგმო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც.
„ვგმობ მოსკოვში მომხდარ საზარელ ტერაქტს. ნებისმიერ ადგილას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის განადგურება ადამიანური ტრაგედიაა, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – წერს შარლ მიშელი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი „კროკუს სითი ჰოლში” მომხდარს გმობს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააერთიანონ ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლაში
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რუს ხალხსა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„უმკაცრესი ფორმით ვგმობ დღევანდელ ტერორისტულ თავდასხმას“, – აღნიშნა გუტიერეშმა.
განცხადება ასევე გაავრცელა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ, რომელმაც თავდასხმას „საშინელი და მხდალი“ უწოდა.
„უსაფრთხოების საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტები არის დანაშაული და გაუმართლებელი, მიუხედავად მათი მოტივის, სადაც და ვის მიერაც უნდა იყოს ჩადენილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც სოლიდარობას უცხადებს დაშავებულებს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
„მკაცრად ვგმობ ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას“, – ნათქვამია მაკრონის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიუსამძიმრა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და განაცხადა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას, მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას და მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
თავდასხმა დაგმო გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმაც.
„ვგმობთ მოსკოვში უდანაშაულო მაყურებელზე განხორციელებულ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და დაშავებულებთანაა“, – ნათქვამია ოლაფ შოლცის განცხადებაში.
მომხდარს გამოეხმაურა მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუც, რომელიც ამბობს, რომ მოლდოვა გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას.
„მოსკოვში გუშინ საკონცერტო დარბაზში თავდასხმის საშინელი სურათები ვიხილეთ. მოლდოვა გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულების ახლობლებთან და დაშავებულებთანაა”, – აცხადებს სანდუ.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ დაწერა:
„შოკირებულები ვართ საშინელი კადრებით მოსკოვიდან, სადაც უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და რუს ხალხთან ვარ“, – წერს მარკ რუტე.
რუსეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც. „მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მიმართ დღეს საღამოს მოსკოვის მახლობლად მომხდარი საშინელი ტერაქტის გამო. ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის“, – აღნიშნა ორბანმა.
მომხდარი დაგმო ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, ასევე საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა.
„კროკუს სითი ჰოლში”, მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 140-ს აჭარბებს.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, FSB-ს დირექტორმა ვლადიმიტ პუტინს შეატყობინა 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის, 4 ტერორისტის.
დასავლური მედიის ცნობით, მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო.
კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში სულ მცირე, სამმა პირმა ცეცხლი გახსნა. როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმა ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დროს მოხდა.