სად იკრძალება 10 ადამიანის შეკრება და სად არა - მთავრობის დადგენილება

პუბლიკა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ახალი დადგენილება მიიღო. ამ დოკუმენტით დაკონკრეტებული და დაზუსტებულია ის საკითხები, რასაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის გამოცემული შესაბამისი დეკრეტი განსაზღვრავდა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ:

► იკრძალება საჯარო სივრცეში   ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

► იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

[დადგენილებაში საერთოდ არაა ნახსენები საეკლესიო რიტუალები];

► შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა [ამ ეტაზე აკრძალულია მხოლოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა];

გ) სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

►10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა.

იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის,  შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.

ცალკეული ობიექტების ვალდებულებები:

1.ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები;

ბ) პერსონალის მიერ გამოყენებულ იქნეს პირბადე, თავსაბურავი და  ხელთათმანი;

გ) პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;

დ) გაზრდილი სიხშირით მოხდეს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

ე) სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა).

2.ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიტანის სერვისით სურსათის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ან მონაწილეობს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით;

ბ) სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

გ) სურსათის ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

3. ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) პერსონალი, რომელიც მონაწილეობს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით;

ბ) რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირითა და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

გ) უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრისა) დაცვის გაკონტროლება.