თალაკვაძე პასუხობს მათ, ვინც კითხულობს – „სად არის ასეთ დროს ივანიშვილი“

პუბლიკა

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ  ის ადამიანები, ვინც განცხადებებს აკეთებენ, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი, არიან პოლიტიკური ფარისევლები

„აუცილებლად უნდა გაეცეთ პასუხი იმ ადამიანებს, ვინც  სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებენ, რომ სად არის ბიძინა ივანიშვილი ასეთ დროს – პირდაპირ გეტყვით: არიან პოლიტიკური ფარისევლები; ეს ზუსტად ის ხალხია, რომელიც ამ წლების განმავლობაში ამბობდა,  რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკაში და მართვაშიო. ახლა ამბობენ, რატომ არ არის ჩართული მართვაშიო“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ამ ვითარებაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ ის, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, გაკეთებულია – სახელმწიფოს აქვს გამართული მენეჯმენტი და ყველა აკეთებს თავის საქმეს. ოპონენტებს მინდა, ვუთხრა, ვინც არიან აპოლოგეტები წინა მთავრობისა და მართვის სტილის, სადაც ყურძენს კრეფდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო მთავარი პროკურორი აშენებდა შენობებს და საბოლოო ჯამში, არც ერთ მინისტრს არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი უწყების მიღწევებზე ელაპარაკა, თუ ამას პრეზიდენტი სააკაშვილი არ გააკეთებდა. ჩვენ ასეთი სახელმწიფო არ ავირჩიეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​