პირობითად, მე რომ მქონდეს ა(ა)იპ სასწავლო დაწესებულება, გადავაკეთებ შპს-დ - მდინარაძე

პუბლიკა

პარლამენტში რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს.

დეპუტატმა გიორგი გოდაბრელიძემ მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს ჰკითხა: „თუ კანონპროექტის მიზანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, რატომ არ მოიცავს კანონპროექტი სხვა სუბიექტებს, რომლებიც ასევე იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან?“

მდინარაძემ სთხოვა მას დაეზუსტებინა, კონკრეტულად რომელ სუბიექტებს გულისხმობდა, რაზეც გოდაბრელიძემ უპასუხა, რომ გულისხმობს რამდენიმე ფონდს, რომელიც საქართველოში რუსეთიდან ფინანსება, მაგალითად „რუსკი მირი“.

მდინარაძემ უპასუხა, რომ თუ არასამეწარმეო იურიდიული პირია (ა(ა)იპ), კანონი ყველა მათგანზე გავრცელდება, ხოლო თუ შპს – კანონი მათზე არ გავრცელდება.

„ა(ა)იპი თუ არის, ექცევა ყველა, თუ არის შპს, ვერცერთი ვერ მოექცევა.

სხვათა შორის იყო აქ საკითხი დაყენებული, გავამხელ, ზოგიერთი სასწავლო დაწესებულება ექცევაო და სასწავლო დაწესებულებების ახლა ცალკე დისკრეციული გამიჯვნა, [ამას] რაღაცა სპეკულაცია რომ არ მოჰყვეს თქვენი მხრიდან, მაგალითად, პრემიერს მივცეთ ამის უფლება ან პარლამენტს [მივცეთ ამის უფლება], რომ გამოყოს რომელიღაცა სასწავლებელი, ამას არ სჯობია გადაკეთდეს, ააიპი რატომ უნდა იყოს? რა ჩემი საქმეა, მაგრამ პირობითად მე რომ მქონდეს ააიპი სასწავლო დაწესებულება, გადავაკეთებ შპს-დ“, – განმარტა მდინარაძემ.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. კანონპროექტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე წარადგენს. დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ.

კანონპროექტით, ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაცია მოუწევს ყველა ა(ა)იპის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ფონდებიდან, დონორებიდან მიღებული დაფინანსებაა.

იმავე კრიტერიუმით, რეგისტრაცია ასევე მოუწევთ მაუწყებლებსა და ისეთ იურიდიულ პირებს, რომლებიც ფლობენ საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელ ბეჭდურ- ან ინტერნეტსაშუალებებს.

შესაბამისად, სასწავლებელს, რომლის იურიდიული სტატუსი შპს იქნება, არ ექნება ვალდებულება რეესტრში რეგისტრაციაზე.