GRASS: მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე

პუბლიკა

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია” თანამშრომლის, მარიამ წიწიკაშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებას ეხმაურება იმის გამო, რომ მან „ხალხის ძალის” დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა.

GRASS აცხადებს, რომ „დეპუტატის წინაშე მისი საქმიანობის გამო უკმაყოფილების დაფიქსირების წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და წარმოადგენს მზარდი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს”.

მარიამ წიწიკაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. თუმცა, მანამდე მას და მის მეგობარს თავისუფლება ისე შეუზღუდეს, რომ მიზეზი არ განუმარტავთ. მათ ჩამოართვეს პასპორტები და მოხსნეს რეისიდან.

მარიამ წიწიკაშვილი ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბარში თავის ვინაობას არ მალავას, ეუბნება სახელს და გვარს და ასევე ამბობს, რომ არის ემიგრანტი ქალის შვილი და დედით ოსი.

ამის პასუხად დეპუტატმა მას რამდენჯერმე უთხრა: „გეტყობა”.

GRASS მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი პარლამენტის წევრს ავალდებულებს, ყველა მოქალაქეს მოეპყრას თანასწორად, მიუხედავად წარმოშობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა განმსახვავებელი ნიშნისა. აღნიშნული განსაზღვრულია ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტშიც.

„საქართველოს პარლამენტის წევრის ამგვარი ქმედება არღვევს ერთიკის კოდექსით გნსაზღვრულ მოთხოვნებს. გარდა ეთიკის კოდექსის დარღვევისა, აღნიშნული ქმედება აღვივებს ეთნიკურ შეუწყნარებლობას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებისა და უფლებების დაცვას”. – აცხადებს ორგანიზაცია.

GRASS ასევე ხაზს უსვამს, რომ მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე დეპუტატისთვის მიუღებელი აზრის გამომხატველის დისკომფორტის შექმნის მიზნით.

„მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება, ის დააკავეს და გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში. არ დაუკავებიათ, თუმცა თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და გაფრენის უფლება არ მისცეს მარიამის თანმხლებ პირსაც – ირინა გურგენაშვილს, რომელსაც მონაწილეობა აღნიშნულ მოვლენებში საერთოდ არ მიუღია. ირინა გურგენაშვილს ჩამოართვეს პასპორტი და „განუმარტეს“, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მისი ბორტზე არდაშვების შესახებ.

მოქალაქისადმი ამგვარი მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა კანონმდებლობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევაა”.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამ მოვლენების პარალელურად დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე თავისუფლად გაფრინდა და მისი გადაადგილება არ შეფერხებულა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ მარიამის დაკავებისა და მისი თანმხლები პირისთვის გაფრენის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევისა თუ კითხვების გარეშე მიიღო.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისსვე დაიწყო, თუმცა მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მხარეებს დრო მისცა და პროცესი 19 ივნისისთვის გადადო. მომხდართან დაკავშირებით გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მათ შორის – მივმართავთ სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს – დეპუტატის მხრიდან ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის დასადგენად და სახალხო დამცველს – აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად”. – აცხადებს „რეფორმების ასოციაცია”.