შსს-ის ცნობით, დააკავეს 2 პირი, რომლებიც ბალდის კანიონის მცველებს კარავში თავს დაესხნენ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 2 ადამიანი, რომლებიც 11 ივნისის ღამით  ბალდის კანიონის მცველებს კარავში თავს დაესხნენ.

დაკავებულები არიან ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით და 1983 წელს დაბადებული გ.ხ. – მუქარის ბრალდებით.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც.

უწყების ცნობით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მუქარას გულისხმობს.