გაეროს დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა და ჰამასმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს და დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი.
კომისიის ანგარიში მომზადებულია ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის დღიდან – მომზადებული დოკუმენტის თანახმად, იმ დღეს ჩადენილი დანაშაულები მოიცავს მოქალაქეებზე თავდასხმას, მკვლელობას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, ცილისწამებასა და ტყვეების აყვანას, მათ შორის ბავშვების მიმართ. 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმას ემსხვერპლა 1 200 ადამიანი, 250-მდე მოქალაქე კი ტყვედ აიყვანეს.
ისრაელის მიერ ჰამასისთვის ომის გამოცხადების შემდეგ კი, ღაზის ჯანდაცვის უწყებების ცნობით, მოკლულია 37 000-ზე მეტი ადამიანი. კომისიამ დაადგინა, რომ ომის პირველი ორი თვის განმავლობაში ისრაელმა ჩაიდინა ომის დანაშაულები, ასევე, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რაც გამოიხატა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემურ თავდასხმებში, შიმშილობის გამოწვევაში, დაკავებებში, „ათი ათასობით ბავშვის” მკვლელობებსა და დასახიჩრებაში.
გაეროს საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ისიც, რომ ისრაელმა და ჰამასმა განახორციელეს სექსუალური ძალადობისა და წამების ქმედებები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
კომისიის ცნობით, მათი მიგნებები დაფუძნებულია მსხვერპლებთან და მოწმეებთან წარმართულ ინტერვიუებზე, სასამართლო ექსპერტიზებით დადასტურებულ ათი ათასობით ღია წყაროზე, სატელიტურ ფოტოებზე, სამედიცინო ანგარიშებსა და მედიების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მასალებზე.