„ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" — 29 ივნისს მარტვილში აქცია დაანონსდა

პუბლიკა

აქტივისტები, რომლებიც ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ამ მიზნით 1 წელია, პროტესტს ადგილზე, კარვებში მიმართავენ, 29 ივნისს მარტვილში აქციას აანონსებენ.

მანამდე, 13 ივნისს მათ გარემოს დაცვის სამინისტროს მისცეს 2-დღიანი ვადა, რათა მიეღოთ პასუხი, როდის შეხვდებოდა მათ საჯაროდ მინისტრი ოთარ შამუგია. პასუხი ბალდის კანიონის აქტივისტებს არ მიუღიათ.

„საჯარო შეხვედრა შემთხვევით არ მოგვითხოვია. გვქონდა დახურულ კარს მიღმა შეხვედრის გამოცდილება. დახურულ კარს მიღმა სხვანაირად ლაპარაკობენ, კამერების წინ – სხვანაირად. მაგალითად, ჩვენთან შეხვედრის დროს აღიარებდნენ, რომ კანონი დაარღვიეს, კამერებთან პირიქით საუბრობდნენ. ამის თავიდან ასაცილებლად გვჭირდება საჯარო შეხვედრა, რომელიც იქნება გადაღებული, რათა ვიღაცამ თავისი სიტყვა არ გადათქვას და მანიპულირება არ მოახდინოს”. – თქვა ლაივ მიმართვაში აქტივისტმა ცოტნე თვარაძემ.

სამინისტროს ულტიმატუმით აქტივისტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც 11 ივნისს ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს საპროტესტო კარავში თავს სანადირო თოფებით და დანებით დაესხნენ და ერთ-ერთ აქტივისტს ჭრილობები მიაყენეს.

თუმცა, პასუხად პროკურატურამ დააკავა როგორც 2 თავდამსხმელი, გელა და გიგა ხურცილავები ისე – ერთ-ერთი აქტივისტი ინდიკო ბჟალავაც. ბჟალავას სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცოტნე თვარაძე ამბობს, რომ თავდამსხმელები „ინვესტორის თანამშრომლები” არიან.

მოძრაობა მოქალაქეებს სთხოვს, ჩავიდნენ მარტვილში და მიიღონ მონაწილეობა პროტესტში. 

„თუ აქამდე გაოგნებუები ვიყავით იმით, რომ მშენებლობას შველი შეეწირა, დღეს ადამიანებს წირავენ. ჩამოდით, გადავარჩინოთ სიცოცხლე”. – თქვა ცოტნე თვარაძემ.

ბალდის კანიონთან აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ 2022 წლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბალდის კანიონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანიას, „კანიონი 350-ს“ 40 წლით იჯარით გადასცა.

მოძრაობამ „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” მხარი დაუჭირა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.