„ცვლილებები ახლა იწყება" - ბრიტანეთში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

პუბლიკა

წინასწარი მონაცემებით, ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მოქმედი პრემიერ-მინისტრის „კონსერვატიული პარტია“ დაამარცხა. მოწინააღმდეგის გამარჯვება აღიარა რიში სუნაკმა.

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ მიიღო პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭირო 326 ადგილი – არჩეული პრემიერ-მინისტრი იქნება პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი. „ჩვენ ეს შევძელით“ – ასე მიმართა მან შედეგების გამოცხადების შემდეგ მხარდამჭერებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხი გაიღვიძებს იმ სიახლით, რომ მოეხსნათ ტვირთი, ამ დიად ერს მხრებიდან მოეხსნა სიმძიმე. ჩვენს დიდებულ ქვეყანაში იმედის სხივი ბრუნდება. ცვლილებები ახლა იწყება […] მსგავს მანდატს თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენი ამოცანაა, განვაახლოთ ის იდეები, რაც ქვეყანას აერთიანებს”, – განაცხადა მან.

არჩევნების შედეგები აღიარა რიში სუნაკმა, რომელმაც კირ სტარმერს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა, ხოლო საჯაროდ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ აღიარებს მარცხს.

„ბრიტანელმა ხალხმა გამოიტანა გამოსაფხიზლებელი განაჩენი და მე ვიღებ მარცხზე პასუხისმგებლობას”, – თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, უმრავლესობისთვის საჭირო 326 ადგილიდან „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს 408 ადგილი, „კონსერვატიულ პარტიას“ კი – 115. კენჭისყრის მიხედვით, გამარჯვებულმა პარტიამ მოიპოვა ხმების 34.2%, ხოლო „კონსერვატიული პარტიის“ მხარდაჭერამ შეადგინა 23.6%

პარლამენტში რჩება რიში სუნაკი, თუმცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა თავისი ადგილი დაკარგა. ამასთან, დეპუტატი გახდა ნაიჯელ ფარაჯი.