სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მასობრივი უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
ორგანიზაცია ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოადგენს შვიდ განმცხადებელს, რომლებიც დავობენ კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე.
მოსარჩელეთა შორის არიან სასულიერო პირები – მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, გიორგი მამალაძე, დედა სიდონია და სამოქალაქო საზოგადოების 3 წარმომადგენელი, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები.
„მიუხედავად განმცხადებლების არაერთი მოთხოვნისა, სახელმწიფოს დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები საქმეზე სიმართლის დასადგენად. გაჟონილ კრებსებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის ნების არარსებობაზე.
კერძოდ, მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება არსებითად გაჭიანურებულია, სუს-ის იმ თანამშრომლების გამოკითხვა, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებელნი იყვნენ ფარულ მიყურადებაზე რამდენიმე კვირის დაგვიანებით განხორციელდა, რამაც მათი ჩვენებების შეთანხმებისა და მტკიცებულებების განადგურების რისკი შექმნა”, – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
მათივე განცხადებით, ამ დრომდე არ არიან გამოკითხულები სუს-ის მაღალჩინოსნები და ამ დრომდე არ არის მიღებული გამოძიების ფარგლებში დანიშნული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც შესაძლოა გამოძიებისთვის განსაკუთრებით ინფორმაციული იყოს.
სოციალურ სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ საქართველოში უკანონო მოსმენები მუდმივად გამოიყენებოდა სხვადასხვა ხელისუფლების ხელში ოპონენტთა დაშინებისა და შანტაჟის ინსტრუმენტად – მათი თქმით, ფარული მიყურადების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მათ შორის, განპირობებულია სამართლებრივი და ინსტიტუციური ხარვეზებით, რომლის ფუნდამენტური რეფორმირების საჭიროებაზეც წლების განმავლობაში უთითებდნენ ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განმცხადებლები დავობენ, რომ სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულებების ჭრილში. კერძოდ, ხელისუფლებამ მათ მიმართ განახორციელა უკანონო ფარული მიყურადება, ხოლო პროკურატურამ არ ჩაატარა ამ დანაშაული ეფექტიანი გამოძიება. განმცხადებლები ასევე დავობენ, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ისინი უკანონო ფარული მიყურადებისგან, მათ შორის, ხარვეზიანი ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, განმცხადებლების პირადი ცხოვრების უფლების უშუალო დარღვევის აღიარების მიღმა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე სადავოდაა გამხდარი ასევე ქვეყანაში არსებული ფარული მიყურადების სისტემის კონვენციასთან შესაბამისობა.
მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ ფარული მიყურადების მექანიზმის კონვენციასთან შესაბამისობაზე არასოდეს უმსჯელია, ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების საფუძველი გახდეს, რომელიც აღმოფხვრის უკანონო მიყურადების და ტოტალური მოსმენების საფრთხეებს.
„მასობრივი მოსმენის პრაქტიკა მოქალაქეების სოციალური კონტროლისა და მათი დემობილიზების ინსტრუმენტია და ის კონფლიქტში მოდის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ქვეყანაში ავტორიტარიზმის აღმასვლის ფონზე, მასობრივი მოსმენების პრაქტიკა მოქალაქეების პირად ავტონომიაში ჩარევის, მათი შანტაჟირების და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის პარალიზების მძლავრი იარაღი შეიძლება გახდეს.
მასობრივი მოსმენების პრაქტიკის გამოყენება რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ ორმაგად პრობლემურია, რადგან ის, ერთი მხრივ, რელიგიურ ორგანიზაციებზე სახელმწიფო კონტროლის პრაქტიკაზე მიანიშნებს, მეორე მხრივ, კი სასულიერო პირების მრევლთან მუშაობასთან დაკავშირებული ინტიმურ და სენსიტიურ სფეროში ჩარევაზე.
სასულიერო პირების პირად ცხოვრების მასშტაბური კონტროლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარების და პოლიტიკური ლოიალობის მოპოვების იარაღი შეიძლება გახდეს, რაც ძირს გამოუთხრის რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ნდობასა და პატივისცემას”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.