კალიფორნიაში გარდაიცვალა ცნობილი თანამედროვე მხატვარი, არტისტი და ვიდეოარტის პიონერი, ბიოლ ვიოლა.
ამერიკელი მხატვარი ბილ ვიოლა, რომელიც მეოცე საუკუნის 70-ანი წლებიდან მუშაობდა ვიდეოარტის ჟანრში, 13 ივლისს, 73 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა The New York Times. მისი მეუღლის, სამხატვრო სტუდიის დირექტორისა და მენეჯერის, კირა პეროვის თქმით, მხატვრის გარდაცვალების მიზეზი ალცჰეიმერის დაავადება გახდა.
შეიძლება ითქვას, რომ ბილ ვიოლა ვიდეოხელოვნების ერთ–ერთი პიონერი და კლასიკოსია, რომელიც თავის ნაშრომებსა და ინსტალაციებში იკვლევდა ისეთ თემებს, როგორებიცაა – დაბადება, სიკვდილი, სიყვარული, ტრანსფორმაცია, რეინკარნაცია… ხელოვნების ისტორიაში მისი სახელი მედიაარტის ერთ–ერთი პიონერისა და ვიდეო არტის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის სახით შევიდა.
ბილ ვიოლა დაიბადა 1951 წლის 25 იანვარს ნიუ–იორკში. სწავლობდა ნიუ–იორკის სირაკუზის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა იტალიაში. სადაც გაიცნო ვიდეო არტის ერთ–ერთი დამფუძნებელი ნამ ჯუნ პაიკი და ცნობილი მხატვარი და პოეტი, ვიტო აკონჩი. მათი გავლენის მიუხედავად, ის იყო ერთ–ერთი პირველი, ვინც ვიდეოარტით სერიოზულად დაინტერესდა. გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, ვიოლამ მალე მოიპოვა ჩაწერის ტექნოლოგიისა და ვიდეომონტაჟის ოსტატის რეპუტაცია.
90-იან წლებში ვიოლა კლასიკურ მხატვრობას მიუბრუნდა და ძველი ოსტატების ნამუშევრების შესწავლა დაიწყო. თანდათანობით, მის ვიდეოხელოვნებაში გაჩნდა მანერიზმსა და ბაროკოს ჟანრებზე პირდაპირი მინიშნებები, რამაც შემდგომში ასახვა ჰპოვა თეატრალურ დადგმებსა თუ სცენოგრაფიულ კონცეფციებში.
ბილ ვიოლა ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში და ტრადიციულ კულტურებს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფლორენციაში კომპანია Art/Tapes/22-ის სტუდიის ხელმძღვანელად მუშაობდა. აქტიურად იკვლევდა მუსიკისა და სახვითი ხელოვნების ჟანრების საერთოობასა და კავშირს. თუმცა, მისი, როგორც არტისტის ძირითადი აქცენტი უცვლელად რჩებოდა – ეს იყო ვიდეოხელოვნება.
ვიდეოარტის ისტორიაში შევიდა ბილ ვიოლას მიერ გადაღებული მირაჟი საჰარაში და ტრადიციული საშემსრულებლო ხელოვნების ავთენტური კადრები სოლომონის კუნძულებსა და ინდონეზიაში. ის ერთდროულად შთაგონებული იყო ბუდიზმით, მუსლიმანური სუფიზმითა და ქრისტიანული მისტიკით. ხშირად მიმართავდა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ესთეტიკას, რის გამოც კრიტიკოსები „ვიდეოხელოვნების კარავაჯოს“ უწოდებდნენ.
ვიოლამ სოლომონ გუგენჰაიმის სახელობის პრემია სწორედ თანამედროვე ვიდეოარტის განვითარებისათვის დაიმსახურა. 1995 წელს კი მან წარმოადგინა შეერთებული შტატების ხელოვნება ვენეციის ბიენალეზე. ინსტალაციების სერიამ „დამალული საიდუმლოებები“ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ბილ ვიოლას ერთ–ერთი გამორჩეული ნამუშევარია რიჰარდ ვაგნერის ოპერის „ტრისტანი და იზოლდას“ ვიდეოინსტალაცია, რომელშიც წყლის სტიქიის ძალა და მხატვრული მისტიციზმი პარიზის „ოპერა გარნიეს“ სცენაზე წარუშლელ და გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს. სპექტაკლი ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, პიტერ სელერსმა დადგა და მას უდიდესი წარმატება ჰქონდა.
მის სურათ–ვიდეოებში ხშირად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სპეციალურად ერთნაირად არიან ჩაცმული და ასევე ერთნაირი გარეგნობითა და მანერებით გამახსოვრდებათ. ეს ერთფეროვანი მასაა – არაფრით გამორჩეული, მექანიკური, სტატიკური, თითქმის რობოტებად ქცეულნი… და უცებ, საიდანღაც ზემოდან იღვრება სინათლე, რომელიც ათავისუფლებს ადამიანებს ამ ერთფეროვნებისგან და მოულოდნელად აღმოაჩენთ რეალურ ადამიანებს რეალურ, ცოცხალ გარემოში. სინათლის გარდასახვის ეს ეფექტი უდიდეს ემოციას და ზემოქმედებას ახდენს მნახველზე.
2012 წელს გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ვიოლამ მიიღო უმაღლესი ჯილდო მედიახელოვნების სფეროში – The Medienkunstpreis, ვიდეოხელოვნების ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის. მისი ნამუშევრები კი მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების კოლექციებშია დაცული და გამოფენილი.