სწრაფი ტესტების პირდაპირ კერძო პირებისთვის შეთავაზება არასწორია - გაბუნია

პუბლიკა

„როგორც წამლის რეკლამირება და კერძო პირებზე პირდაპირ შეთავაზება არ არის სწორი, ასევე არაწორია კორონავირუსის დამდგენი სწრაფი  ტესტების შეთავაზება პირდაპირ მომხმარებლისთვის”. – თქვა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მას  სწრაფი ტესტების შემსყიდველად უფრო სამედიცინო დაწესებულებები წარმოუდგენია, ვიდრე, ინდივიდუალური პაციენტები. „რადგან მნიშვნელოვანია, ეს ტესტები სწორად იქნეს გამოყენებული”.

„ამას დავარეგულირებთ. მომავალ კვირაში ვფიქრობ, უკვე გამოიცემა შესაფერისი ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც ამას განსაზღვრავს”, – ამბობს გაბუნია.

საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია სწრაფი ტესტები „ბინაზე მისვლით”. და ამ მომსახურების განმახორციელებელი კომპანია სერვისს სწორედ კერძო პირებზე ყიდის 150 ლარად.