გვსურს, გამოვეხმაუროთ გაფიცული თანამშრომლებისა და პროფკავშირის განცხადებას
Evolution გაფიცული თანამშრომლების წინადადებას პასუხობს.
გუშინ, 24 აგვისტოს გაფიცულებმა განაცხადეს, რომ თუ კომპანია შეასრულებს „კანონით დაკისრებულ ვალდებულებას და არგაფიცულ დასაქმებულებს აუნაზღაურებს აგვისტოში იძულებითი მოცდენის დღეებს, შეწყვეტენ შიმშილობას და დატოვებენ ადმინისტრაციის შენობას”.
Evolution პასუხად ამბობს, რომ მოუწოდებენ „გაფიცულ თანამშრომლებს, მიიღონ კეთილგონიერი გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და აცხადებენ მზაობას, დაეხმარონ მათ რეაბილიტაციის პროცესში, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში”.
კომპანია ასევე აცხადებს, რომ „ხედვა მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც არაერთი მოლაპარაკების შემდეგ, ნათელი იყო ყველა მხარისთვის, არ შეიცვლება”.
Evolution თანამშრომლების შიმშილობაზე პასუხისმგებლობას პროფკავშირებს აკისრებს და მას მიუღებელ ქმედებას უწოდებს.
Evolution პროფკავშირებს ადანაშაულებს კომპანიის შემცირებაშიც და ამ პროცესს „შეუქცევადს” უწოდებს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ პროფკავშირი ასევე აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათი არამართლზომიერი ბლოკადისა და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დადგა. იმედია, მსგავსი უკანონობა არ განმეორდება და ადამიანებს შეეძლებათ მშვიდად გააგრძელონ მუშაობა და მათი შრომითი უფლებების რეალიზაცია.
ვიმედოვნებთ რა, რომ უკანონო ბლოკადა, ძალადობა და ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული დამაზიანებელი ქმედებები დასრულდება, ევოლუშენი ყველა შესაძლო ზომას მიიღებს, რომ მიმდინარე შემცირების, რომელიც 1000 თანამშრომელს ეხება, მასშტაბები არ გაიზარდოს და მაქსიმალურად შეამციროს პროფკავშირის ნეგატიური გავლენა კომპანიის საოპერაციო საქმიანობაზე და დასაქმებული პირების რაოდენობაზე”, – აცხადებს Evolution.
„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისიდან გაფიცულია. გაფიცულთაგან ოთხი ადამიანი შიმშილობს. ერთმა ადამიანმა კი პირი ამოიკერა.
გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.
ისინი ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებენ და განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას და ხელისუფლებას აკისრებენ.