22 სექტემბერს კინოთეატრ “ამირანში” რეჟისორ ელენე მიქაბერიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის – „ლურჯი მოცვის“, ეროვნული პრემიერა გაიმართება.
ოფიციალურ პრემიერამდე, ფილმის დახურული ჩვენება პრესისთვიოს მოეწყო, რამაც გასაგები ინტერესი გამოიწვა დოკუმენტური კინოს მოყვარულთა შორის. მართალია მათი რაოდენობა „ამირანის“ პატარა დარბაზმა იოლად დაიტია, მაგრამ ელენე მიქაბერიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „ლურჯი მოცვი“ (Blueberry Dreams), ფილმის დღევანდელი სოციალური თუ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ბევრად დიდ და გადაჭედილ დარბაზს იმსახურებს.
მელაძეების ოჯახი, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრედ (ზუგდიდის რაიონი), პატარა მიწის ნაკვეთზე, ლურჯი მოცვის პლანტაცია ორი წლის განმავლობაში მოაშენა და მოსავალიც მიიღო, კარგი მაგალითია, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით შექმნილი პროგრამა „დანერგე მომავალი“.
მომხიბლავი სლოგანის მიუხედავად, საბანკო ვალდებულებანი მკაცრია და ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო სოსო მელაძე, მისი მეუღლე ნინო, ასევე შვილებიც – ლაზარე და გიორგი, გარკვეულწილად მომლოდინე (ან იქნებ სტრესულ?!) სიტუაციაში იმყოფებიან. ჯერ ერთი, ლურჯი მოცვის დარგვა, მოვლა, კულტივირება საკმაოდ შრომატევადი პროცესია; მეორეც – მოსავალი ერთდროულად არ იკრიფება, რადგან ნაწილი მწიფეა და ნაწილი გვიან მწიფდება, მესამე – პრობლემაა უკვე დაკრეფილი მოცვის ჩაბარებაა, რადგან ქვეყანაში არ არსებობს რეალიზაციის გეგმა, რაც მელაძის ოჯახს დამატებით თავსატეხს უჩენს.
ეს პრობლემები ოდნავ შესამჩნევი დრამატული აქცენტით ფინალში, კარგად წარმოაჩენს, თუ რამდენად გაუაზრებელი იყო სამიოდე წლის წინათ, საქართველოს ხელისუფლების მიერ რეგიონის სტაბილიზაციის მიზნით, საჩქაროდ შექმნილი პროგრამა „დარგე მომავალი“. სწორედ საბანკო რეკლამები და სლოგანი – „დარგე მომავალი“, რომელსაც მსხვილი ხედით რამდენჯერმე ვხედავთ ფილმში, უფრო ირონიულ შეხსენებას გავს, რომელიც მელაძეების ოჯახის ენაზე დაახლოებით ასე ითარგმნება: როგორ დავრგოთ მომავალი… ისე, რომ აწმყომ ხელი არ შეგვიშლოს?!
რეჟისორის აუჩქარებელი, დაკვირვებული და ზოგჯერ თბილი იუმორით გამორჩეული მზერა 75 წუთიან ფილმში რამდენიმე საინტერესო და ფსიქოლოგიურ ნიუანსს იჭერს, მაგალითად, პენსიაზე გასული სოსოს ფრთხილი მზრუნველობით გამორჩეულ დამოკიდებულებას ოჯახისადმი. მას სურს, რომ მიწასათან კავშირი მისმა შვილებმაც შეინარჩუნონ. თუმცა 11 წლის ლაზარე და 14 წლის გიორგი სხვა სამყაროში ცხოვრობენ – ესაა მხატვრობა, ანიმა და მეგობრებთან გართობა. სოსოს მეუღლის, ნინოს სურვილია აგვისტოს ომის მოგონებები შრომითა და ოჯახზე ზრუნვით დაივიწყოს და შვილების მომავალზე იფიქროს.
მელაძეების ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება, მათი სურვილები და იმედები თითქოს გაჭირვებას, სიხარულსა და მომავლზე ფიქრს შორის ვიბრირებს და მერყეობს. ეს ჩანს საოჯახო სცენებშიც და ახალი წლის აღნიშვნის ეპიზოდშიც. ფილმის გადაღება დაემთხვა რუსეთ–უკრაინის ომს, რაც „ლურჯი მოცვის“ მეორე პლანის არსებით და მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. თავად სოსო მელაძის პოზიცია ამ ომისადმი ნათლად მეტყველებს მის მოქალაქეობრივ პოზიციაზე.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2024 წლის 19 მარტს, კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CPH:DOX საკონკურსო სექციის (Next:Wave Competition ) ფარგლებში გაიმართა და კრიტიკოსთა საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
„ლურჯი მოცვი“ ასევე ნაჩვენები იყო ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე BRIFF, არლის ფოტო და კინოფესტივალზე Les Rencontres de la Photographie (საფრანგეთი). 2024 წლის ივლისის ბოლოს ფილმის პრემიერა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე (კიევი, უკრაინა) გაიმართა. რეჟისორი თავად დაესწრო ჩვენებას და ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზიც დაიმსახურა.
ელენე მიქაბერიძის ფილმის ეროვნული პრემიერა 22 სექტემბერს, „ამირანში“ გაიმართება. მალე ნაჩვენები იქნება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე (ფესტივალის გახსნა 27 სექტემბერსაა დაგეგმილი) და ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზეც (4-8 ოქტომბერი). ფილმის პროდიუსერი და გადამღები გუნდი ასევე გეგმავს „ლურჯი მოცვის“ ჩვენებას დასავლეთ საქართველოში მთელი ოქტომბრის განმავლობაში.
„ლურჯი მოცვის“ ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 28 და 29 სექტემბერსაც გაიმართება. მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა, სეანსები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდეს.