ხასაია: დაჯარიმებაზე სასამართლოდან ოქმი არ ჩამბარებია, ანგარიშებზე ყადაღა დამადეს

პუბლიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას თქმით, სასამართლოდან არ მიუღია ოქმი, რომლის საფუძველზეც ჯარიმა უნდა გადაეხადა, თუმცა ყადაღა დაადეს მის ანგარიშებს. ხასაია წერს, რომ 24 სექტემბერს მიმართა კიდეც საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრს, სადაც უთხრეს, რომ ოქმის ჩაბარებას უნდა დალოდებოდა.
ხასაია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და დააჯარიმეს. შსს მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის და 173-ე – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ედავებოდა.
„რუსული კანონის გაპროტესტების დროს აქციაზე დამიჭირეს, კბილი ჩამამტვრიეს, გადამიარეს. სასამართლო ადგა და 2700 ლარით დამაჯარიმა. მთელი ეს პერიოდი ოქმი არ მომსვლია, არ ჩამბარებია. დავრეკე ცხელ ხაზზე, არც მითხრეს სად უნდა ჩამერიცხა, მითხრეს, რომ ოქმს უნდა დავლოდებოდი და ხელი უნდა მომეწერა. ამ წამს მოწმენდილ ცაზე ყადაღა დამადეს – ყველა ანგარიშზე. ფორმალურად მაინც გავეფრთხილებინეთ, ზარი მაინც გამოეშვათ…“, – წერს ხასაია სოციალურ ქსელში.
23 სექტემბერს კიდევ ერთი პოლიტიკოსის ანგარიშებს დაადეს ყადაღა ამავე მიზეზით. ბორის ჩელე ყურუას რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.