მდინარაძე გახარიას გაპრემიერებაზე: ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპოზიციის ლიდერებზე და მიჰყვა მტკიცებას, რომ ისინი „გარე დირექტივებზე არიან დამოკიდებულნი“.

„ისინი არიან ყველა იმ უბედურების შემოქმედნი, რაც საქართველოს 2003-2012 წლებში დაატყდა თავს, თუმცა, მათი დავალებების უსიტყვო შემსრულებლებად ქცევა ნელ-ნელა, მეთოდურად მოხდა.

თავის მხრივ, ეს გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი თავის დროზე საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მის გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს.

ახალგაზრდების ამ ჯგუფმა, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს შესაძლოა თავიდან პოზიტიური ენთუზიაზმიც ჰქონდათ, საზოგადოებისა და ქვეყნის მართვა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, ერთბაშად მიღებული, უდიდესი ძალაუფლებით გაბრუებული, გამოუცდელი ადამიანები იყენებდნენ მართვის მარტივ, მაგრამ უსასტიკეს მეთოდებს, რასაც მათ კარნახობდნენ. წამება, მკვლელობა, დაშინება, ბიზნესის რეკეტი, ხალხის დამონება და ზომბირება – ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობა“ სწორედ პატრონების კარნახით, ხელისუფლების გასამყარებლად და შიშის დასათესად აკეთებდა. ამას მოჰყვა როგორც გახსოვთ 7 ნოემბერი, ქართველი ხალხის პროტესტი და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მარცხის მიუხედავად, სააკაშვილმა გამარჯვებად გაიფორმა და შემდეგ ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში გახვია.

ცხადია, არ შეიძლება ნაცმოძრაობის რეჟიმს რაიმე სახის გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტიურაში და მხოლოდ ყველა ბინძურ და კრიმინალურ საქმეზე მოაწერინეს ხელი საბოლოოდ. ცალსახაა, რომ სააკაშვილს და მისი ბანდის წევრებს 2003 წელს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენად მძიმე დავალებების შესრულება მოუწევდათ, ამიტომ ამ გარემოებამ შესაძლოა “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის გასამართლების პროცესში მათთვის შემამსუბუქებელი როლიც კი ითამაშოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“ და „ლელოს“ ლიდერების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ქართული ოცნების“ ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც დღეს ოპოზიციაშია.

„ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება“, – განაცხადა მდინარაძემ და გაიხსენა ის შემთხვევები, როცა გახარიამ „მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა“.

ამ შემთხვევებს შორის მდინარაძემ ჩამოთვალა კლუბებში სპეცოპერაცია, პანკისში სპეცოპერაცია, მესტიაში სპეცოპერაცია, „ჩორჩანას ინციდენტი“, 20 ივნისი და ეს ყველაფერი პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობას დაუკავშირა.

„შევარდა ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორების დასაკავებლად, სადაც ისინი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, ხელისუფლება და პოლიცია აღმოჩნდა დამნაშავე. შემდეგ, მომიტინგეების წინაშე სწორედ პოლიციელების და პოლიციის სახელით ბოდიში მოიხადა და სამართალდამცველთა იმიჯი დააზიანა.

პანკისში, სადაც ქვეყნისათვის საჭირო ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მიზანმიმართულად, სპეცრაზმი და მოსახლეობა ერთმანეთს ისეთი ფორმით დაუპირისპირა, რომ სწორედ სპეციალური დანიშნულების რაზმი დარჩა შეურაცხყოფილი, რაც მასზე გაცემული კონკრეტული დავალება იყო ასევე.

შესაბამის პირებთან შეუთანხმებლად ჩაატარა სპეციალური ოპერაცია მესტიაში, ესეც გახსოვთ ალბათ, ხალხს პოლიციის ძალით დაერია და რომ არა ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა უსწრაფესი რეაგირება, კონფლიქტი შეიძლებოდა მსხვერპლითაც დასრულებულიყო. აქაც, გახარიას მთავარ მიზანს მოსახლეობის თვალში პოლიციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

გახარიას მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩორჩანას ინციდენტი, რომელიც მაშინვე ნაცმოძრაობამ ნაკლებად შეიმჩნია, ესეც გახსოვთ და მათმა ტელევიზიებმა და მათმა მედია საშუალებებმაც.

ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრთან, შესაბამის ორგანოებთან კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკითხი არ შეათანხმა, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, პატრონების დავალების შესაბამისად, გამყოფ ხაზთან პოლიციის საგუშაგო დადგა. მან ამით გაუგონარი პროვოკაცია მოაწყო, რასაც რუსეთის მხრიდან მოჰყვა უმძიმესი პასუხი: მათ ადგილზე, ოკუპანტებმა, გახსნეს სამჯერ მეტი საგუშაგო, წაიღეს კიდევ უფრო დიდი ტერიტორია, სოფელ ჩორჩანას მოსახლეობამ დაკარგა ტყე, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, სახელმწიფომ მიიღო რეპუტაციული ზიანი. თუმცა, პროვოკაციის მთავარი მიზანი ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა იყო, რომელიც დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ომშიც შესაძლოა გადაზრდილიყო.

ეს ქმედება შეგვიძლია განვიხილოთ სავარაუდო პროვოკაციის მინიმოდელად, რასაც ხელისუფლებასთან გაკარების შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაიდენს. საკვანძო მომენტი იყო ასევე 20 ივნისის მოვლენებიც, რომელიც ასევე ძალიან კარგად გახსოვთ თქვენ ყველას, როდესაც პოლიცია პარლამენტის წინ ისეთ ადგილას განალაგა, რომ აგრესიულ მომიტინგეებთან დაპირისპირება იყო გარდაუვალი, რასაც რეზინის ტყვიების გამოყენებაც მიაყოლა. გახარიასთვის მთავარი დავალება აქაც ხელისუფლების და პოლიციის დისკრედიტაცია იყო, რაც იმ ეტაპზე წარმატებით შეასრულა“, – თქვა მან.

ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ ახსნა, რატომ დააწინაურეს გახარია შს მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრობამდე.

„ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა – თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? და ალბათ გაგიჩნდებოდათ თქვენ ეს კითხვა. პასუხი არ არის მარტივი ნამდვილად, თუმცა ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისათვის, რადგან გახარია ჩამოშორდა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრობას. სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ“, – განაცხადა მან.

მდინარაძის განცხადებით, ნიკანორ მელიას დაპატიმრების გამო გახარიას თანამდებობიდან გადადგომა ხელისუფლების ჩამოშლის დავალების შესრულება იყო.

„მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყო მთლიანად მორღვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა შეესრულებინა, ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ დაეკავებინა მელია. გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორანით შემოსაპარად დასჭირდა და შემიძლია აქვე დავამატო, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გაიხსენოთ, სად იყო მაშინ სააკაშვილი, იმ დღეებში, როცა გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს“, – თქვა მდინარაძემ.

„შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის“, – შეაჯამა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.