სასამართლომ „ოცნების“ კლიპის ეთერში არგაშვებისთვის კრიტიკული ტელევიზიები 5 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკმაყოფილა და „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „TV პირველი“ 5000 ლარით დააჯარიმა.

სამი ტელევიზია 9 ოქტომბერს სამართალდამრღვევად ცნო კომუნიკაციების კომისიამაც.

საქმე ეხება „მთავარის“, „ფორმულას“ და „TV პირველის“ გადაწყვეტილებას, ეთერში არ გაუშვან მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერები, რომელზეც უკრაინაში ომის შედეგებია გამოსახული.

„არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“, – განაცხადეს ტელეკომპანიებმა.

გუშინ, 10 ოქტომბერს „იმედმა“ და „POSTV-მ“ განაცხადეს, რომ ეთერში აღარ განათავსებენ „კოლექტიური ნაცმოძრაობის” საარჩევნო ვიდეოებს, სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ არ გაუშებენ „ოცნების” კლიპს.


„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოებს იყენებს.

„ოცნების” ბანერზე ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებდა. დაიღუპა ასობით მათგანი, მათ შორის, ბავშვები. რუსეთმა თეატრი დაბომბა, მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორ მხარეს, ასფალტზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა – „ბავშვები“.

ბანერის მეორე მხარეს ჩანს სენაკის თეატრის შენობა. „ქართული ოცნების” სხვა ბანერზე ვხედავთ რუსეთის მიერ დაბომბილ ტაძარს უკრაინაში, მეორე მხარეს კი – სამების ტაძარს.