„ჩემი ხმა": წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, მიდგომები დარღვევებზე - უსამართლო

პუბლიკა

სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ დაასრულა წინასაარჩევნო გარემოს შეფასება. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პარტიები შეზღუდულნი არ ყოფილან, წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, ხოლო სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები და მიდგომები საარჩევნო დარღვევების მიმართ – უსამართლო და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებული.

„ასეთი საარჩევნო გარემოსთვის მზადება მმართველმა პარტიამ დიდი ხნით ადრე დაიწყო – მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური დისკრედიტაციის კამპანია, გააუარესა და მის ინტერესებს მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა.

ყველა სახელმწიფო ორგანოს მმართველი პარტიისადმი დაქვემდებარებამ ცხადია ნეგატიური გავლენა იქონია წინასაარჩევნო პროცესზე. ხელისუფლების სამივე შტო და ასევე, ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტები სრულიად მოქმედებდნენ მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, როგორც წესი იყო/არის ცესკოს ან/და მმართველი პარტიის სასარგებლო.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ ხდებოდა სათანადო რეაგირება ან საერთოდ არ ხდებოდა რეაგირება და საზოგადოების ინფორმირება გამოძიების დაწყებისა თუ დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით – მათ შორის, მუქარით, დაშინებით, სახელმწიფო უწყებების მფლობელობაში არსებული პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, მოსყიდვით, უკანონო დაპირებების გაცემით ზემოქმედებისა და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში მითითებულია წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შექმნილი მტრული გარემო, რასაც წინ უძღოდა 2024 წლის აპრილში რუსული კანონის მიღება.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ სამოქალაქო სექტორის მიმართ მუქარა, სიტყვიერი თავდასხმა, დისკრედიტაციის კამპანიები აქტიურად მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში.

მათი თქმით, არ დარჩენილა არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვინც სამოქალაქო სექტორის დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის კამპანიაში არ იყო ჩართული.

„მათ შორის, ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ე.წ. დამოუკიდებელი უწყების ხელმძღვანელი, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებით ცდილობდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შეჩერებას. ასევე, სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ნეგატიურ კონტექსტში ფიგურირებდა მმართველი პარტიის ოფიციალურ საარჩევნო რეკლამაში.

წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა მასიური დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე. პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო მანქანა, ასევე ხელისუფლების მიერ კონტროლირებული და მართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ემსახურებოდა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს. ამ პროცესში, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით მონაწილეობდნენ არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, არამედ სასამართლო ხელისუფლებაც და ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც – ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია და ანტიკორუფციული ბიურო”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საერთო შეფასებაში აღნიშნულია ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი ტენდენცია იყო მმართველი პარტიის მიერ სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, მათ შორის მათ მხარდამჭერ აქციებზე საჯარო მოხელეების მათი ნების საწინააღმდეგოდ წაყვანა, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება.

ორგანიზაციების შეფასებით, არათანაბარი იყო საარჩევნო კამპანიისა და ზოგადად პარტიების დაფინანსების მასშტაბებიც. მათი თქმით, დაფიქსირდა მმართველი პარტიისათვის პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებები, თუმცა როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ ფონზე სრულად უმოქმედო იყო ანტიკორუფციული ბიურო ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად.

„ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმების სამიზნე იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია. კომუნიკაციების კომისია, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდისტული არხების დაჯარიმების რამდენიმე შემთხვევით ამაოდ ცდილობდა ნეიტრალურობის ფასადის შექმნას, უმეტესწილად უკანონოდ და დაუსაბუთებლად სწორედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სამაუწყებლო კომპანიებს აჯარიმებდა.

მკვეთრად უთანასწორო იყო საარჩევნო პერიოდში მედიაზე წვდომა საარჩევნო სუბიექტებისათვისაც. სახელისუფლებო რედაქციის მქონე მედიასაშუალებები დახურული იყო ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი პარტიის წევრები კრიტიკულ მედია-საშუალებებს არ სტუმრობდნენ, რამაც დააზიანა ამომრჩევლის ჯეროვანი ინფორმირების პროცესი”, – აღნიშნულია ანგარიშში.

სადამკვირვებლო მისია დადებითად აფასებს ცესკოს მუშაობას წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების ინფორმირების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების შეუფერხებლად რეგისტრაციისა და ასევე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილის სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის მიმართულებით.

„თუმცა, საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო, ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება არჩევნებში მონაწილეობა. პრობლემურია ასევე ცესკოს მიერ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების წილისყრით განაწილების წესის შეცვლა, რის გამოც კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების პროცესს, ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვერ დააკვირდა”.