მრევლს მადლობა უნდა გადავუხადოთ, ეკლესია ზედმიწევნით იცავს რეკომენდაციებს - მდინარაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავრობის რეკომენდაციების დარღვევის ინდივიდუალური შემთხვევები ფიქსირდება. რაც შეეხება ეკლესიის მიერ მათ შესრულებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ „უმეტეს შემთხვევაში, რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება”.

„ჩვენ ვხედავთ, რა მოცემულობა გვაქვს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს არის ინდივიდუალური შემთხვევები სუპერმარკეტში თუ ეკლესიის მიმდებარედ და ასე შემდეგ. ყველგან გვაქვს ინდივიდუალური დარღვევები, თუმცა ეკლესიასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადად და უმეტეს შემთხვევაში  რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება.

ამას მოწმობს გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები, თუ როგორ იცავს მრევლი სოციალურ დისტანციას, რისთვისაც მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. დამატებით, თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ ამაზეც, ალბათ, იმსჯელებენ შიგნით და ვფიქრობ, როგორც ეკლესია, ასევე საზოგადოების მთელი სპექტრი ყველა რეკომენდაციას უნდა შეხვდეს გაგებით და შეასრულოს ისინი, რათა მინიმუმადე დავიყვანოთ რისკი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​