21 საათიდან აიკრძალება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით გადაადგილება - შსს

პუბლიკა

დღეს 21 საათიდან, ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აიკრძალება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოქალაქეების გადაადგილება  21:00-დან  06:00 საათამდე იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. კერძოდ, იმოძრავებენ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ნებისმიერი ფაქტი, რომელიც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევას, ძალიან ოპერატიულად იქნება აღმოფხვრილი და შესაბამისი ზომები გატარებული, რაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო, პირველ ეტაპზე ჯარიმის გამოყენებას“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა იმ გამონაკლისებზეც ისაუბრა, რომელიც შესაძლოა განხილული იყოს კონკრეტული პირების მიმართ.

„ზოგადად, გამონაკლისი გათვალისწინებული იქნება კონკრეტული პირებისთვის და იმ სუბიექტებისთვის, რომელთა მუშაობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, პირველ ჯერზე იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს ქმედება არის დანაშაული და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.