პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციოში არ შესულა

პუბლიკა

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” სარჩელი საკონსტიტუციოში არ შესულა.

ეს „პუბლიკას” საკონსტიტუციო სასამართლოში უთხრეს.

„სარჩელი ჩვენამდე არ მოსულა და არ დარეგისტრირებულა“, – გვითხრეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

სასამართლომ ასევე გვითხრა, რომ ტერმინი „სარჩელის გამოხმობა” ამ შემთხვევაში შეუსაბამოა, ვინაიდან სარჩელი სასამართლომდე უბრალოდ არ მისულა.

განახლება: „ქართულ ოცნებაში” გვითხრეს, რომ რადგან მმართველ პარტიას XI მოწვევის პარლამენტში 100 მანდატი არ აქვს, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სარჩელიც აღარ შეიტანეს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ „პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავდნენ იმპიჩმენტის პროცედურას”. მიზეზად მან მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებ დაასახელა, მათ შორის, საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლა. მან ასევე განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს და ბოლო პერიოდში ჩართულია საარჩევნო კამპანიაში”.

მისი თქმით, წარდგინებას სასამართლოში არჩევნებამდე შეიტანდნენ.

„საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება”, – აცხადებდა პაპუაშვილი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში განხორციელდებოდა. სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დაახლოებით დეკემბრის ბოლოს ეწურება.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო. მიზეზი ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტები იყო.

იმავე წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და იმპიჩმენტზე მმართველი გუნდის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო, რადგან იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 86 დეპუტატმა მისცა, საჭირო კი 100 დეპუტატის ხმა იყო.

„ოცნებაში“ ამბობდნენ, „იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენებას აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა”.