7-8 ნოემბერს ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

პუბლიკა

7-8 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართება – საქართველო შარლ მიშელმა დღის წესრიგში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიყვანა. ის სხდომაზე მისაწვევ წერილშიც აღნიშნავს, რომ დღეს გაიმართება ვახშამი, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

„ჩვენ განვიხილავთ არჩევნების შემდგომ სიტუაციას საქართველოში და ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებზე”, – წერს მიშელი.

მისი თქმით, დღეს ასევე ისაუბრებენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, კონკრეტულად სამი სფეროს მიმართულებით: ორმხრივი ურთიერთობები, უსაფრთხოება და გეოპოლიტიკა, განსაკუთრებით უკრაინა, და გლობალური გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების ჩათვლით.

რაც შეეხება პარასკევს დაგეგმილ შეხვედრას, მიშელი აღნიშნავს, რომ ის მიეძღვნება კონკურენტუნარიანობის გაძლიერების საკითხს.