მაღაზიების თუ აფთიაქების რიგებში დისტანცია ოჯახის სრულწლოვან წევრებსაც ეხება - შსს

პუბლიკა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, მარაზიის თუ აფთიაქების რიგებში ე.წ. სოციალური დისტანციის მოთხოვნა ოჯახის წევრებსაც ეხებათ.

“გიდასტურებთ, ნამდვილად დაჯარიმდა ზუგდიდში მოქალაქე, რომელიც სრულწლოვან შვილთან ერთად დისტანციის დაცვის გარეშე იდგა მაღაზიის რიგში. მას მისცეს გაფრთხილება, ის არ დაემორჩილა და ამის შემდეგ დააჯარიმეს” – გვითხრეს სამინისტროში.

ზუგდიდელი ლადო აბსანძე  გუშინ შვილთან ერთად სასურსათო მაღაზიაში იყო გასულ. „მაღაზიის შესასვლელთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა შეგვაჩერეს და იმ მოტივით, რომ ერთმანეთს შორის დისტანციას არ ვიცავდით, 3000 ლარით დამაჯარიმეს”. – გვითხრა აბსანძემ.

„რა თქმა უნდა, ამ აბსურდმა ჩემში პროტესტი გამოიწვია, (იურისტებთან გადავამოწმე, ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება დისტანცირების მოთხოვნა). მომიწია პატრულის გამოძახება, ასევე – გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის. გარდა იმისა, რომ ამ პოლიციელების უკანონო ქმედებამ ზედმეტი მიმოსვლა და მოძრაობა გამოიწვია, რაც, შესაბამისად, საფრთხესაც ზრდის“, – ამბობს აბსანძე ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო გუშინ  კომენდანტის საათიც ამოქმედდა. საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს გაეცანით აქ.