კორონავირუსზე ტესტირების ახალი ალგორითმი - ვის და რა მეთოდით ჩაუტარდება ანალიზი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, კორონავირუსის ტესტირების ახალ ალგორითმზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ახალი ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს, ვისაც სჭირდება ტესტირება, ასევე – ტესტირების მეთოდებს.

„რა თქმა უნდა, ოქროს სტანდარტი რჩება  PCR მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი. ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დაფუძნებულ, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს.

ალგორითმში განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის. ესაა, ცხადია, სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ  საეჭვო შემთხვევის განმარტებას, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს და გამოხატული აქვთ კლინიკური სიმპტომები;

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ტესტირების შესაძლებლობა შევქმნათ იმ პირებისთვის, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ანამნეზი და, ამდენად, ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით.

ჩვენ უკვე გვაქვს მზაობა, რომ ე.წ. ცხელების კლინიკებში ან კლინიკებში, სადაც ცხელებიანი პაციენტების მართვისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ზონა, პაციენტი დავაყოვნოთ 24 საათის განმავლობაში,  შევაფასოთ და შემდეგ პასუხის მიხედვით ვმართოთ.

ალგორითმი გამოჰყოფს ტესტირების მიდგომას და პრინციპს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მიიჩნევა, რომ არის მაღალი რისკის მქონე. ამას მიეკუთვნება კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, რომელიც  მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებსა და ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებებში.

ამ ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება ტესტირება სამივე მეთოდის გამოყენებით – PCR, ანტიგენები და ანტისხეულები.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ტესტების საწყისი რაოდენობრივი მარაგი უკვე არსებობს და შერჩეულია ვებგვერდებიც, საიდან დაიწყება ტესტირება, განახლებული ალგორითმის შესაბამისად.