სალომე ზურაბიშვილი: შავი ორშაბათი საქართველოში

პუბლიკა

„შავი ორშაბათი საქართველოში“ – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე და პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან ვიდეოს აზიარებს.

„შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარებს, რომლის მიღმაც “ქართული ოცნების მონები” კლავენ ჩვენ კონსტიტუციას და მასხრად იგდებენ ჩვენ პარლამენტს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა. ამას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და ოპოზიციონერი დეპუტატები ასაჩივრებენ.

კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას, ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.