რა შემთხვევაში იქნება დაშვებული ონლაინგაყიდვა – მინისტრის განმარტება

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე ონლაინგაყიდვის აკრძალვის საკითხზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ესმის, რომ ეს მტკივნეული თემაა და ნებისმიერი ბიზნესის შეზღუდვა არასასიამოვნოა, მაგრამ ნაკარნახევია აუცილებლობით.

„ვიცი, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის მტკივნეული და არასასიამოვნოა, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო  – ეს ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ უნდა ბიზნესს მოვთხოვოთ, მაქსიმალურად გადაეწყონ ახალი საქმიანობის წესზე და მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ, დაიცვან ყველა უსაფრთხოების ზომა. ამ ეტაპზე, გამომდინარე ამ ამოცანიდან, ონლაინგაყიდვები არასასურსათო პროდუქციის, პრაქტიკულად, არის აკრძალული, ამაში არ შედის ფარმაცევტული ნაწილი. სასურსათო გრძელდება, მაგრამ აქაც გადავამოწმებთ და მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას.

ეს არის დროებითი, იძულებითი ზომა. ონლაინგაყიდვები საკმაოდ დიდ სფეროა, საკმაოდ დიდი სისტემაა, დიდი ურთიერთიერთობათა ჯაჭვია – იქ არის საწყობები, ოფისები, მიტანის სერვისები და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, როგორი მოდელით და ფორმატით  შევძლებთ, რომ შევთავაზოთ ამ ბიზნესს გადაწყობა. მათ შორის, პირველ რიგში დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები, ვინც არიან საწყობებში, სამედიცინო გაიდლაინების სრული დაცვით არიან აღჭურვილები, ეკიპირებულები,  ასევე ის ადამიანები, ვინც მიდის ამა თუ იმ ოჯახში,  ვისაც ვუღებთ სახლის კარებს, თვითონაც უნდა იყვნენ დაცულები და ვისთანაც მიდიან, ისინიც.

ამიტომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და შევთავაზებთ მალე კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს. როცა დავრწმუნდებით რომ ესა თუ ის კომპანია სრულიად პასუხობს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა იქნება უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ შევძლებთ დავუშვათ კონკრეტული კომპანიების საქმიანობა. როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს და იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება, რა თქმა უნდა, მთელი სფერო იფუნქციონირებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.