ესტონეთმა ირაკლი კობახიძეს და კიდევ 13 ადამიანს სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
მისი თქმით:
„ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წარმომადგენელი დაასანქცირა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ”.
კიდევ ვინ არის სანქცირებული ესტონეთის მიერ, ცაჰკნას ჯერ არ უთქვამს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის თანახმად, სანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეებიც, თუმცა, სანქცირებულთა სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების” შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს სანქციები 2 დეკემბერსაც დაუწესა ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან: ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად. 2 დეკემბრის სანქციები სანქცირებულ პირებს ქვეყნებში შესვლას უკრძალავს.