საზმაუს თანამშრომლების ნაწილი კვლავ ითხოვს, არხმა გახსნას დღის ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი კვლავ ითხოვს, რომ საქართველოს პირველმა არხმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის.

ორშაბათს, 23 დეკემბერს , 13 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ  თანამშრომლების ნაწილი პრესკონფერენციას გამართავს.

„28 ნოემბერს ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ამცნო, რომ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ინიციატივით ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადავადდა.

ამ განცხადებას საზოგადოების უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. მას შემდეგ, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ღიად მოვუწოდებთ და ვთხოვთ არხის მენეჯმენტს, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ – პოლიტიკური მსჯელობისთვის.

მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომელებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან. მზად ვიყავით და ახლაც ვართ, რომ მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ სატელევიზიო ფორმატების და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის.

ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება. სამწუხაროდ, ჩვენს არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან.

სატელევიზიო პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მივიღეთ. ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ვიაზრებთ ჩვენს როლს და პროფესიულ ვალდებულებას ზოგადად და განსაკუთრებით ქვეყნისთვის ამ რთულ დროს. გვჯერა, რომ პროცესის მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გაშუქება და გაანალიზება ჩვენი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ვალია“,- ნათქვამია განცხადებაში.