საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა [79 თანამშრომელი] პოლიტიკური დისკუსიებისთვის დღის ეთერის გახსნა მოითხოვა.
დღეს, 23 დეკემბერს, 13:00 საათზე მათ ტელევიზიის შენობის წინ განცხადება წაიკითხეს და არხის მენეჯმენტს მოუწოდეს, „ამ კრიტიკულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი”.
მათი თქმით, არაერთი საჯარო მიმართვის თუ ოფიციალური წერილის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური მიზეზით ეთერს არ ხსნის, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ნების შემთხვევაში, ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია.
„ვითხოვთ საქართველოს პირველი არხისგან, რომ გახსნას დღის ეთერი. ჩვენ მივმართეთ ასევე წერილობით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვცადეთ, მენეჯმენტი დღემდე გვეუბნება ამაზე უარს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უარს ამბობს ამ ეთერის გახსნაზე, არის ტექნიკური. მაგრამ ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ მონდომების შემთხვევაში, ნების შემთხვევაში ტექნიკურად დღის რამდენიმესაათიანი ეთერის უზრუნველყოფა ამ არხზე შესაძლებელია”, – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, თამარ მშვენიერაძემ.
„ჩვენ ვართ არხი, რომელმაც პანდემიის დროს 2 კვირაში გააკეთა ახალი არხი, ტელე-სკოლა, რომელმაც პანდემიის დროს უხარვეზოდ შეავსო ის სიცარიელე, რომელიც ჩაკეტილ ხალხს სჭირდებოდა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვამტკიცო და ისედაც ვიცი, რომ ნებისმიერი ტექნიკური საშუალება, რაც არსებობს ამ არხზე, რომელიც დაშლილია სპეციალურად იმისთვის, რომ საჭირო ადგილას, საჭირო დროს აეწყოს და მოეწყოს სტუდია, მინიმუმ 4-კაციანი სტუდიის გაკეთება შეგვიძლია უპრობლემოდ, ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან და თავისუფლად შეგვიძლია ავაწყოთ სტუდია, მინიმუმ 4 კაციანი და სრულფასოვანი ეთერი მივცეთ და ხალხმა გაიგოს, რაზეა საუბარი, რა ხდება ქვეყანაში”. – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა კახა მელიქიძემ.
“ჩვენ აქ ვართ შეკრებილი ადამიანები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა რედაქციის წარმომადგენლები, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ახალი გადაცემები, გვაქვს ამის ადამიანური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ერთადერთი, რაც არ გვაქვს, არის ნება და გადაწყვეტილება, რომელიც დასვამს ამოცანებს. ჩვენ მზად ვართ, ეს ამოცანები უმოკლეს დროში შევასრულოთ”, – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
დღეს, 23 დეკემბერს მოქალაქეების საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან 19:00 საათზეც არის დაგეგმილი.