მეშახტეები გიორგი აბულაძე და ხვიჩა გაბუნია აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
„დღეს მე და ჩემი ოჯახის წევრები გაგვათავისუფლეს შახტიდან იმის გამო, რომ მქონდა განსხვავებული აზრი, არ გავხდი რუსების მონა, ვერ მოახერხეს ჩემი შეშინება და იყო დამუქრებაც, ამის ნიადაგზე მოხდა ჩემზე შურისძიება, გამათავისუფლეს იმ კომპანიიდან, სადაც 18 წელი ვმსახურობდი, სადაც 6 წლის წინ სიკვდილს ჩავხედე თვალებში“, – დაწერა გიორგი აბულაძემ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში.
მედიასთან საუბარში ის აცხადებს, რომ არჩევნებამდე იყო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, რასაც მოჰყვა მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა:
„გამომიგზავნეს პიროვნებები და იყო დაშინება, შენ თავს თუ არ უფრთხილდები, ჩემი ძმა და რძალიც დასაქმებული იყვნენ ამავე კომპანიაში და იმათ გაუფრთხილდიო. ეს მუქარა შეასრულეს სამივეზე, სამივე გაგვათავისუფლეს“, – განაცხადა მან მედიასთან.
მეორე მეშახტე ხვიჩა გაბუნია წერს, რომ ის და 100-მდე მეშახტე დარჩა უმუშევარი.
„ქალაქი, რომელიც გამოირჩეოდა გვერდში დგომით და ერთმანეთის სოლიდარობით, დღეს შახტის ხელმძღვანელებმა აქციეს მჩაგვრელ და რეპრესულ ქალაქად. საახალწლოდ 100 მეშახტე დაგვტოვეს უმუშევარი, თანაც საბავშვო კონცერტის ფონზე, ეს ხომ საერთოდ მარაზმია“, – დაწერა მან.
მედიასთან სატელევიზიო კომენტარში მან განაცხადა, რომ კიდევ აპირებენ სხვა მეშახტეების გათავისუფლებას.
„100 კაცი არის გათავისუფლებული და ძალიან ბევრი კიდევ რიგშია, ეტაპობრივად ხდება მეშახტეთა გათავისუფლება ჩვენს წარმოებაში. დაიწყო რეპრესიები. […] რა თქმა უნდა, ესაა ყველაფერი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი პოსტი მქონდა დაწერილი, რომ მეშახტეებო, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ, ჩვენი გზა არის წინსვლისკენ და ამ ყველაფერმა გამოიწვია ნეგატიური შეხედულებები ჩემ მიმართ. მან [ხელმძღვანელმა] რამდენჯერმე დამიბარა კაბინეტში, მსგავსი რაღაცების დაწერას თავი დაანებე, თორემ პირადად ვიძიებ შურს შენზე შურსო“, – განაცხადა მედიასთან ხვიჩა გაბუნიამ.
კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენელი გვანცა დელიბაშვილი „პირველ არხს“ ეუბნება, რომ მეშახტეები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ.
„ადგილი არ ჰქონია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას, გეტყვით, „საქნახშირი“ ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას, შევამოწმეთ თანამშრომელთა ცოდნა, გარკვეული რაოდენობა შემცირებაში მოყვა, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ რომელიმე თანამშრომელი საქნახშირს მიღმა დარჩება. თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4-თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც სრულად ავანაზღაურებთ. პარალელურად, ეს ადამიანები მიიღებენ ხელფასს სრულად, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით და სოციალური პირობებით, რომლითაც სარგებლობენ დღემდე. გადამზადების შემდეგ ჩააბარებენ გამოცდას და მათ შესთავაზებენ ახალ კონტრაქტებს. ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმდება „საქნახშირში“. 20-მა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი გადამზადების კონტრაქტს, დანარჩენებს ველოდებით“, – განაცხადა მან.
კომპანიამ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა განცხადება ევროპულ სტანდარტებთან მორგების პროცესსა და რეორგანიზაციასა და კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით:
„საქნახშირი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას! ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქნახშირში დასაქმებულების ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესი წარმატებით განხორციელდა. […]
ახალი შახტის პროექტი თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, გაიღრმაოს ცოდნა, გაიუმჯობესოს გამოცდილება ან, აირჩიოს სრულიად ახალი პროფესია.
მოპოვების და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი, ევროპული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება. ამიტომ, სპეციალისტების ცოდნის შემოწმება და გადამზადება მნიშვნელოვანია. სწორედ ევროსტანდარტების გათვალისწინება და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მომზადება არის მთავარი პირობა, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებულია ახალი პროექტების განხორციელება.
ამასთან დაკავშირებით, საქნახშირში რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდება. 350 დასაქმებულმა უკვე მიიღო ახალი კონტრაქტი და გადადიან ახალ სახელფასო სისტემაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შემოსავალს.
რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა, თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4 თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც საქნახშირი დააფინანსებს. პარალელურად, მიიღებენ სრულ ხელფასს, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით. გადამზადების შემდეგ, ჩააბარებენ გამოცდას და შესთავაზებენ ახალი კონტრაქტს. ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში.
24 დეკემბრის 15:00 საათის მდგომარეობით, 38 შემცირებული ადგილიდან 20 ადამიანმა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს. დანარჩენ 18 ადამიანს საშუალება ეძლევა, ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში 1 იანვრამდე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.