საზმაუ: შეშფოთებას გამოვთქვამთ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის გამო

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ „შეშფოთებას გამოთქვამს სისტემატური თავდასხმებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის გამო”.

ტელევიზია აცხადებს, რომ „ცდილობენ, ხელი შეუშალონ დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობას”. და რომ არხის მიმართ „სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულ აგრესიას ავლენს”.

დღეს, 9 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად გვაჩვენებს ქვეყნის მატყუარა სურათს – პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში შეგვიძლია, ვნახოთ, როგორ არის დამახინჯებული რეალობა”.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სალომე ზურაბიშვილს თავის განცხადებაში „ყოფილ პრეზიდენტად” მოიხსენიებს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას ავლენს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არხის დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან სივრცეში, როგორიც მაგალითად, ევროპარლამენტია.

აღარაფერს ვამბობთ მისი მხრიდან არხის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და მოწოდებაზე არხის დასჯის შესახებ, რაც მედიასთან ურთიერთობის ყოველგვარ სტანდარტს მიღმა დგას”.- წერია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე აცხადებს, რომ 13 იანვრიდან განახლდება პირდაპირი ეთერის ფორმატი და ის „დაეთმობა ყველა, მათ შორის, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ მხარეებს აზრის გამოთქმისა და დისკუსიისთვის.”.

„შეძლებისდაგვარად ვეცდებით, დრო დავუთმოთ ყველა მნიშვნელოვან თემას პოზიციების დაახლოებისთვის და არა რადიკალიზაციის გასაღრმავებლად”. – აცხადებს საზმაუ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ყოველდღე ტარდება აქცია ეთერის დათმობის მოთხოვნით. არხის თანამშრომლების ნაწილი კი ითხოვს დღის ეთერის გამოყოფასაც მიმდინარე მოვლენების განსახილველად.

ახალ წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთიდან ორ საათამდე დრო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ეთმობოდა. თუმცა, ახალი წლის შემდეგ ეს შეჩერებულია.

ტელევიზიის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები ამბობენ, რომ „მანამ, სანამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დაუთმობს დღის ეთერს, ეთერი გარეთ, ტელევიზიის კიბეებთან ეწყობა”. დღევანდელ საპროტესტო აქციაზე შეკრებილები განათლების პოლიტიკაზე ლაპარაკობენ.