„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, ორგანიზაცია „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირ – კონსტიტუციის 78-ე მუხლთან“ ერთად მუშაობენ საჯარო სამსახურებიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული და რისკის ქვეშ მყოფი საჯარო მოხელეების უფლებების დაცვაზე. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ერთობლივად, ამ ეტაპზე 50-ზე მეტი საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით გეგმავენ სარჩელის წარდგენას სასამართლოში.
ISFED ამბობს, რომ 2024 წლის დეკემბრის ბოლოდან საჯარო სექტორში დაიწყო თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების მასშტაბური პროცესი.
„სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც 28 ნოემბრის შემდეგ საჯაროდ გამოხატეს თავიანთი სამოქალაქო პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ პირთა სამსახურიდან გათავისუფლება ცალსახად შეიცავს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნებს“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებენ და დაიწყო პროტესტი, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.
„განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოთ აღნიშნულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებები ხორციელდება ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე. საჯარო დაწესებულებები იყენებენ ფორმალურ საფუძვლებს, როგორიცაა რეორგანიზაცია ან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლება, თუმცა რეალური მიზეზები აშკარად პოლიტიკური ან განსხვავებული შეხედულებების გავრცელების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნას ეხება. რიგ შემთხვევაში, გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გათავისუფლებები როგორც ცენტრალური, ისე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს შეეხო.
საჯარო უწყებებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება კიდევ უფრო გამარტივდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული იმ ცვლილებებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, 2024 წლის 13 დეკემბერს მიიღო, აღნიშნული ცვლილებებით გაუარესდა საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას და აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას. კვალიფიციურ და გამოცდილ საჯარო მოსამსახურეთა უკანონო გათავისუფლება, საჯარო სამსახურში პოლიტიკური ზეგავლენის გაძლიერებასთან ერთად, მნიშვნელოვნად დააზიანებს საჯარო დაწესებულებების ეფექტიან ფუნქციონირებას“, – წერს ორგანიზაცია.
„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, ორგანიზაციას შეგიძლიათ მიმართო ნომერზე – 0 800 100 143, ელექტრონულ ფოსტაზე – info@isfed.ge