400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე ბრალდებულებს, ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
შეთანხმების მიხედვით, ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ნივთის ჯგუფურად დაზიანებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი ჩაეთვლებათ პირობით მსჯავრად.
მოსამართლე ნათია გუდაძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორმა შუამდგომლობაში თქვა:
„ბრალდებულების საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულებს განემარტათ, რომ პროკურორი იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი ცნობილ იქნებიან დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრებათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით, 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრებათ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წლით, 2 თვით და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლებათ პირობით. ბრალდებულებს საბოლოოდ განესაზღვრებათ 2 წელი და 6 თვე, საიდანაც 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრებათ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლებათ პირობითად“.
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 2024 წლის 16 მაისს დააკავეს. მათი პატიმრობის ათვლა ამ დღიდან დაიწყო. შესაბამისად, მსჯავრდადებულები პენიტენციურ დაწესებულებას 10 თვეში დატოვებენ.
პროკურორის ამ შუამდგომლობას ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილიც დაეთანხმნენ.
მათ ბრალად ედებოდათ 14 მაისს საპროტესტო აქციაზე შსს-ს კუთვნილი 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანება. აღნიშნული მუხლი სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.