ტრამპი: საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მოუთმენლად ველი პუტინთან საუბარს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოსალოდნელ სატელეფონო ზარამდე ამბობს, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების „ბევრი ელემენტი“ შეთანხმებულია.

ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ სამშაბათს დილით ისაუბრებს პუტინთან და რომ „საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია“, მაგრამ ბევრი რამ რჩება.

„ყოველ კვირას ორივე მხრიდან 2500 ჯარისკაცი იღუპება და ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ პუტინთან საუბარს“, – დაწერა მან.


ტრამპისა და პუტინის საუბარი 18 მარტსაა დაგეგმილი. მანამდე პუტინს რუსეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.

მანამდე, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.შეხვედრის შემდეგ უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს აშშ-ის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ეთანხმება” აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ, „არის ნიუანსები”. დონალდ ტრამპმა პუტინის ამ განცხადებაზე თქვა, რომ ის „იმედისმომცემია, მაგრამ არასრული“ და იმედოვნებს, რომ „რუსეთი სწორად მოიქცევა“.