ისრაელმა ღაზაზე საჰაერო იერიშები მიიტანა — მედიის ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, 330 ადამიანი

პუბლიკა

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ის „ვრცელ დარტყმებს“ ახორციელებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 330 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოცემა AFP მინისტრ მოჰამედ ზაქუტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. მისივე თქმით, დაჭრილია ასობით ადამიანი და ათობით კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათი სამიზნე „ჰამასის“ კუთვნილი „ტერორისტული სამიზნეები“ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია მაჰმუდ აბუ ვაფაჰი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ღაზაში და „ჰამასის“ უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა, საჰაერო იერიშის ბრძანება სამშაბათს დილით გასცეს.

ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრძანების გაცემის მიზეზია „ჰამასის“ უარი მძევლების გათავისუფლებაზე.

„ეს მოჰყვა „ჰამასის“ განმეორებით უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე, როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და შუამავლებისგან“, — წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ისრაელი ამიერიდან „ჰამასის“ წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს“.