„ოდინიჩი" აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, შსს რუსეთის განაჩენის საფუძველზე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს იარაღის ფლობის ნებართვას უუქმებს ​

პუბლიკა

ქართველი მებრძოლი, რატი ბურდული ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს იარაღების ფლობის ნებართვას უუქმებს.

შსს-ს წერილს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის „იარაღის შესახებ” 27-ე მუხლის „დ(5)” ნაწილის თანახმად ლიცენზია (ნებართვა) უქმდება იმ შემთხვევებში თუ: ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

ვინაიდან თქვენ მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 359-3 მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი, ამავე კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გევალებათ საქართველოს კანონმდებლობით…“, – წერია მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

უწყებისგან დამატებითი დეტალებისთვის „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

ჩვენთვის უცნობია, ეხება თუ არა შსს-ის აკრძალვა პირადად რატი ბურდულს.

ქართველი მებრძოლი რატი ბურდული რუსეთში „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში 16 აპრილს დაამატეს – რუსული პროსახელისუფლებო მედიის ცნობით, რატი ბურდულს რუსეთში ბრალად ედება 2022 წლის მარტსა და 2024 წლის აგვისტოს პერიოდში უკრაინის მხარეს ბრძოლა, მას რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.