რას ამბობს „ოცნება" ივანიშვილის მიერ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნება” განცხადებით ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას მალავს.

„ოცნების“ განცხადებაში მოყვანილია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს 2 თვის ვადით და აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან „რადიო თავისუფლებამაც“ გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა, სათაურით – „ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში”.

რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მტკიცებას, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ბიძინა ივანიშვილს „არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ყოფნის გამო წარმოეშვა“, ორგანიზაციას შევახსენებთ, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“ ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს 2 თვის ვადით.

ამავე კანონის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია.“

კანონში არსებული ზემოაღნიშნული დათქმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა –- საქართველო” სიცრუეს ავრცელებს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა, 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე, დეპუტატების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს, მისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს.

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ქონებრივი დეკლარაციის შევსების კანონით დაკისრებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.

TI-ში აღნიშნავენ, რომ გამომდინარე იქიდან, ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა დროებითი თანამდებობის პირი, ეს გამონაკლისი მასზე არ ვრცელდება.

„პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ქონებისა და ფინანსების შესახებ ინფორმაციას ქართველ ხალხს უმალავს. „ქართული ოცნება“ ცდილობს მოქალაქეები დააჯეროს, თუ რატომ უნდა იყოს ხალხისგან დამალული ივანიშვილის ქონება და რატომ უნდა იდგეს ის კანონზე მაღლა.

მათი მტკიცებით, ივანიშვილის შემთხვევაზე ვრცელდება გამონაკლისი, რომელიც ეხება თანამდებობის პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლებს. ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა დროებით მოვალეობის შემსრულებელი, ის იყო არჩეული დეპუტატი და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა პარლამენტის მიერ. შესაბამისად, ეს გამონაკლისი მასზე არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება, რადგან კანონის სწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელმაც კანონის შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია შეავსო დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ – სწორედაც, რომ პარლამენტის ყოფილი წევრის სტატუსით.

2 თვეზე ნაკლები ვადით დეკლარაციის ვალდებულებისგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი დროებით ასრულებს იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ფუნქციას, ანუ ხდება თანამდებობაზე დროებითი შიდა ჩანაცვლება. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი სრულიად ახალ თანამდებობაზე ინიშნება ან ირჩევა, თუნდაც მცირე ვადით.

შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატად ყოფნა, თუნდაც 2 თვეზე ნაკლები დროით, არის თანამდებობაზე არჩევა და არა დროებითი ჩანაცვლება იმავე სისტემაში, და ის არ ექვემდებარება გათავისუფლებას დეკლარაციის შევსების ვალდებულებისგან.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსება, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით ინფორმაციის მოთხოვნის გზითაც”, – აღნიშნულია განცხადებაში.