„ოცნების“ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც დაზვერვის სამსახური სუსს დაექვემდებარა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა III მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც დაზვერვის სამსახური სუსის საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდა.

შეიცვალა მისი სახელიც – ამიერიდან მას ეროვნული სადაზვერვო სამსახური ჰქვია.

ცვლილებები ჯამში 27 კანონში შევიდა.

სააგენტო ამიერიდან თავის საქმიანობაში არა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის, არამედ სუსის წინაშეა ანგარიშვალდებული.

მიღებული ცვლილებებით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

ახლებურად მოწესრიგდა სააგენტოს საქმიანობასა და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.

ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1 ივლისიდან შევა.