წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა მელიას 8 თვე მიესაჯა

პუბლიკა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მელიას ასევე დაეკისრა 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა.

ნიკა მელია 25 000 ლარით სასამართლომ 2019 წელს დააჯარიმა. ის სასამართლომ „ბანკი ქართუს“ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ.

გამოძიების ვერსიით, ნიკა მელია, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო, მონაწილეობდა გეგმაში, რომლითაც ივანიშვილზე ანგარიშსწორების მიზნით „ქართუს“ გაკოტრება იგეგმებოდა.

ნიკა მელიას, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა, წულუკიანის კომისიის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

თავდაპირველად სასამართლომ მას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა მელიამ გადახდაზე უარი თქვა. გირაოს გადასახდელად მიცემული ვადის ბოლო დღეს, 29 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მელიას შეფასებით, ის „გაიტაცეს“ და ძალის გამოყენებით ჩასვეს ფურგონში, რომელშიც 11 ადამიანი იჯდა.

30 მაისს მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა. ამ სხდომაზე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.

სწორედ ამის გამო მელიას კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს – სასამართლოს უპატივცემულობის მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ნიკასთან მიმართებით სისხლის სამართლებრივი დევნა გამოიყენება, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი“, – ასეთია მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის შეფასება.


წულუკიანის კომისიის საქმეზე დღეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გივი თარგამაძეს, 7-7 თვე აქვთ მისჯილი ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 8-8 თვე.

30 ივნისსაა მოსალოდნელი ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადება, ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი კი 4 ივლისს გამოცხადდება.