ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომლითაც მოთხოვნილია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა მისცა 490-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ წავიდა – 147, თავი შეიკავა 49 ევროპარლამენტარმა.
ეს რეზოლუცია არის ევროპარლამენტის ოფიციალური პოზიცია კანდიდატ საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ.
ერთ-ერთი შესწორებით ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მის წინააღმდეგ არსებული ყველა ბრალდების მოხსნა. ასევე, მზიასთვის სამედიცინო ევროპარლამენტმა ეს შესწორება მიიღო.
„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მიზანს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის შესახებ. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“. – ჩაიწერა დოკუმენტში.
ევროპარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების” მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის, „სუვერენულ ერთა ევროპის” (ESN) დაინიციირებულ შესწორებას, რომლის მიხედვითაც რეზოლუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ „ევროპარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას”.
ასევე არ მიიღეს ჩანაწერი, რომლითაც „ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დროებით შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის ლეგიტიმური გამოხატულება საგარეო პოლიტიკური ზეწოლის ფონზე”.
რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.
ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული კრიზისის მოგვარება მხოლოდ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
ასევე, მოთხოვნილია პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, პოლიტიკოსების გათავისუფლება.
რეზოლუციის ტექსტში მოთხოვნილია სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და კომპანიების, ასევე „ქართული ოცნების“ ლიდერების და იმ პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ცესკოს, ასევე, მედიებს და ბიზნესებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე.
ასევე, რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი მოუწოდებდა ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისკენ.
თუმცა, საბოლოოდ, ევროპარლამენტმა დაამტკიცა შესწორება, შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა:
„2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით და ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაძლიერებით; მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსს ელის და მეტიც, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს კვოს აღიარებად გამოიყენებს; მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და მონიტორინგი გაუწიოს გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი”.
დოკუმენტში ასევე დაგმობილია რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და მოთხოვნილია მათი გაუქმება, ასევე დაგმობილია საქართველოს პრორუსული და პროჩინური საგარეო პოლიტიკა.
რეზოლუციით უარყოფითად არის შეფასებული თეა წულუკიანის „საგამოძიებო კომისია“ და აღნიშნულია, რომ ის მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების დევნას.